“ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
“ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. “კოვიდ 19” ეროვნული გუნდის 6 წევრს დაუდასტურდა, მათ შორის მთავარ მწვრთნელს, რომელიც ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია.
რამდენიმე საათის წინ ლევან მაისაშვილი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საქართველოს ნაკრების თავკაცს ფილტვები აქვს დაზიანებული.
“იოჰანესბურგში აქვთ ექმოს აპარატი, ეს არის ინოვაციური ახალი ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის. საქმეში ასევე ჩართულია საქართველოს მხარე, ჯანდაცვის სამინისტრო და ქართველი ექიმები”, – აცხადებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმი ნუცა შამათავა.
ინფორმაციას ადასტურებენ “საქართველოს რაგბშიც”.
“ძვირფასო გულშემატკივრებო, ვადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში კოვიდ 19 დაუდგინდა, რის გამოც იგი ნაკრებთან ერთად არ დაბრუნდა საქართველოში.
ამ ეტაპზე იგი იმყოფება სავაადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი ექიმების გარდა, ლევან მაისაშვილთან იმყოფებიან ბორჯღალოსნების სამედიცინო შტაბის წევრები.
გაცნობებთ, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას ლევან მაისაშვილის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვავრცელებდით.
ვუსურვებთ ლევანს მალე გამოჯანმრთელებას და სიახლეებს მისი მდგომარეობის შესახებ რეგულარულად მოგაწვდით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
