“ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის ქარხნის მუშების გაფიცვა შედეგით დასრულდა. 8-დღიანი სრულმასშტაბიანი გაფიცვის შემდეგ დასაქმებულებს, პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულთა მოთხოვნების უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდება, ხელფასები გაიზრდება და შრომითი პირობები გაუმჯობესდება.
"შეთანხმებას წინ უძღოდა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძეს, სს ბორჯომის დირექტორ მერაბ ახმეტელსა და ქარხნის პროფკავშირული კომიტეტის წევრებს შორის.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის ფონზე შეიცვალა სს ბორჯომის ადმინისტრაცია და დირექტორი. ახალი დირექტორი, წინასგან განსხვავებით პროფკავშირებთან დიალოგზე წამოვიდა და პროცესის პოზიტიურ გადაწყვეტას შეუწყო ხელი", – აღნიშნულია "საქართველოს პროფკავშირებით გაერთიანების" განცხადებაში.
ბორჯომის ქარხანა იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ. ამასთან, ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს პროფკავშირებთან შრომის პირობებთან დაკავშირებით.
ბორჯომის ორივე ქარხანა ხვალიდან, სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
თაგები:





