"დაგეგმილი იყო ამ კვირაში, მაგრამ გადაიდო" - ზელენსკიმ მოლაპარაკებებში პაუზის მიზეზი დაასახელა

ავტორი
Front News საქართველო
სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ამ კვირაში იყო დაგეგმილი, თუმცა შეხვედრა შეერთებული შტატების წინადადებით გადაიდო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან უკრაინის მოლაპარაკების გუნდთან შეხვედრის შედეგები განიხილა. განიხილეს აშშ-სა და რუსეთთან შემდეგი შეხვედრა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო გადაიდო.
"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ მხარესთან პრაქტიკულად 24/7 ვურთიერთობთ. ამჟამად ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტი და მთელი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა ორიენტირებული და ამიტომ, ამერიკული მხარის წინადადებით ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა ნებისმიერ ფორმატში შეხვედრისთვის, რომელიც „შეიძლება სასარგებლო და რეალისტური იყოს ომის დასრულების თვალსაზრისით“.
"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები ახლა ცდილობენ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული სიტუაციით მანიპულირებას, რათა გააძლიერონ თავიანთი აგრესია და ირანის რეჟიმის მიერ მეზობლებსა და ამერიკულ ბაზებზე დარტყმები რუსეთის მიერ უკრაინისა და, უფრო ფართოდ, მთელი დასავლეთის წინააღმდეგ ომში ფაქტობრივ მეორე ფრონტად აქციონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




