დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი - საერთო სასამართლოების კანონში დაგეგმილი ცვლილებები სასამართლო სისტემის მეტად დამორჩილებას ისახავს მიზნად


ავტორი
Front News საქართველო
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ეხმაურება "ქართული ოცნების" მიერ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების მორიგ პაკეტს და მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური კონტროლის მორიგ გაძლიერებას მოსამართლეზე ზემოქმედების ბერკეტების გაზრდის, სისტემის შემდგომი ჩაკეტვის, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შემცირების გზით.
"ცვლილებები არსებით წინააღმდეგობაშია მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპთან და მათი კანონად ქცევა კიდევ უფრო შეასუსტებს მოსამართლის ისედაც მყიფე ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.
კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებების ძირითადი ნაწილი მიზნად ისახავს:
ურჩი მოსამართლეების დასჯის მექანიზმების გაძლიერებას: დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალში კვლავ ბრუნდება მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. ეს არის ის ზოგადი და განუჭვრეტელი საფუძველი რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ურჩი მოსამართლეების დასასჯელად და სასამართლო სისტემის სრულად გაკონტროლების მიზნით (75 1 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ე” ქვეპუნქტი). 2019 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებამ, აღნიშნული საფუძველი ამოიღო კანონიდან და ამაყად განაცხადა, რომ “უფრო განჭვრეტადად გაიწერა მოსამართლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სახეები” იხ 13.10.2019 N5569-1ს კანონის განმარტებითი ბარათი). ამ ნორმის აღდგენით, მოქმედი ხელისუფლება აბრუნებს, მისივე აღიარებითაც, განუჭვრეტელ საფუძველს, რასაც მხოლოდ ურჩ მოსამართლეებზე ზეწოლა შეიძლება ჰქონდეს მიზნად. 2012 წლამდე არსებული სადისციპლინო ორგანოების პრაქტიკით არაჯეროვან შესრულებად განიმარტებოდა სხვადასხვა სახის სამოსამართლო შეცდომა, რომელიც გამოსწორებადია სააპელაციო და საკასაციო წესით. გამომდინარე იქიდან რომ შეცდომის დაშვებისგან არც ერთი მოსამართლე არ არის დაზღვეული, ამ ცვლილების მიღების შემდეგ ყველა მოსამართლე ხდება მოწყვლადი და მათი დასჯა დამოკიდებული ხდება დისციპლინური ორგანოების კეთილ ნებაზე.
მეტი კონტროლის დამყარებას მოსამართლეებზე: შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის განსახორციელებლად ან კანონით ნებადართული სარგებლის მისაღებად მოსამართლეს ესაჭიროება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანხმობა (491 მუხლი). ასევე, მოსამართლესთან კომუნიკაცია, მისი სამსახურებრივი მივლინების ან/და მისი სასწავლო/პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართვის (მონაწილედ/ექსპერტად) მიზნით ან სხვა ნებისმიერ ისეთ საკითხთან მიმართებაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების/სასამართლო ხელისუფლების განხორციელების პროცესს (სპეციალური კომუნიკაცია), დასაშვებია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით (711 მუხლი) . გარდა იმისა, რომ მოსამართლისთვის სწავლის და სამეცნიერო საქმიანობის აკრძალვა წარმოადგენს დაუშვებელ ჩარევას კონსტიტუციის 12 მუხლით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში, მოსამართლეებისთვის პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის შეზღუდვა ან კონტროლი არ არსებობდა საბჭოთა რუსეთის მხრიდან ოკუპაციის დროსაც კი.
სასამართლო სისტემის მმართველი ჯგუფის ძალაუფლების გაძლიერებას: ადმინისტრაციულ პოზიციებზე მყოფი მოსამართლეები, განსაკუთრებულად კოლეგიების და სასამართლოების თავმჯდომარეები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ გამოიყენებოდა მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური კონტროლის მიზნით. ადრეც და ახლაც, სასამართლოების და კოლეგიების თავმჯდომარეებად, იუსტიციის საბჭოს წევრებად წარმოდგენილები არიან ერთი და იგივე პირები, რომლებიც ერთმანეთს პერიოდულად ადგილებს უცვლიან. ნაცვლად მოსამართლის დამოუკიდებლის სასარგებლოდ ამ ინსტიტუციური რგოლის შესუსტების, შემოთავაზებული ცვლილებებით ხდება სასამართლოს თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადის გაზრდა 5 წლიდან 10 წლამდე და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ინსტიტუტის შემოღება პირველი ინსტანციის სასამართლოში (23-ე, 30-ე მუხლები).
კიდევ უფრო მცირდება საზოგადოების წარმომადგენელთა (იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრთა) როლი. მათი რაოდენობა მცირდება 6-დან 4-მდე, შესაბამისად მოსამართლის დანიშვნის, გათავისუფლების, დევნის დაწყების, სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, როდესაც საჭირო იყო ხმათა ⅔ - 10 ხმა, არცერთი არამოსამართლე წევრის ხმა საჭირო აღარ იქნება.
დღეს არსებული სისტემით მოსამართლეთა დისციპლინური საქმეების მოკვლევას და წინასწარ შემოწმებას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომლის დანიშვნაშიც მონაწილეობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებიც. შემოთავაზებული ცვლილებებით უქმდება დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა და მის ფუნქციებს შეასრულებს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. (511 და სხვა მუხლები). შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უბრუნდება ის ფუნქცია, რომელიც მას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროსაც ჰქონდა, როდესაც დისციპლინური წარმოება წარმატებით გამოიყენებოდა დამოუკიდებელი მოსამართლეების დასასჯელად.
მორჩილი მოსამართლეების წახალისებას: მარტივდება მოსამართლეთა დაწინაურება. იუსტიციის უმაღლეს საბჭო აღარ იქნება ვალდებული შეიმუშაოს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები, დაწინაურებისთვის საჭირო სამოსამართლო სტაჟი მცირდება 5 წლიდან 3 წლამდე, რაც შესაძლებლობას იძლევა მოსამართლეები დააწინაურონ გამოსაცდელი ვადის დასრულებისთანავე.
მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, მათ შორის სასამართლოს დარბაზს გარეთ და ნებისმიერ საჯარო სივრცეში გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (9 მუხლი). ცხადია მოსამართლის უპატივცემულობა, საჯარო სივრცეში შეიძლება ძალიან ფართოდ იქნეს განმარტებული სასამართლო პრაქტიკის მიერ.
5. საქმეთა განაწილების მანიპულირებას/ მოსამართლეთა შორის საქმეების შემთხვევითი განაწილება ხშირად სახელდებოდა რეფორმის ერთ-მთავარ მიღწევად, თუმცა ცნობილია, რომ საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპიდან გვერდის ავლის მიზნით და გარკვეული კატეგორიის საქმეების გარკვეულ მოსამართლეებთან მოსახვედრად გამოიყენება მოსამართლეთა ე.წ. ვიწრო სპეციალიზაცია. ასეთი სპეციალიზაცია დღე არსებობს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში. შემოთავაზებული ცვლილებებით შემოდის ვიწრო სპეციალიზაცია ასევე საკასაციო სასამართლოში ( მე-15 მუხლი), რაც ქმნის კონკრეტულ სასამართლო შემადგენლობასთან საქმის მოხვედრის მარტივ შესაძლებლობას.
6. სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მეტად ჩაკეტვას გარეშე პირებისათვის. დღემდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს არ მოეთხოვება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რაც თეორიულ შესაძლებლობას აძლევს იურისტების ფართო სპექტრს თუნდაც თეორიულ შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად სავალდებულო იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ სამოსამართლო გამოცდების ჩაბარება (მუხლი 34.3.ა).
7. სასამართლო სისტემის მეტად დახურვას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. დისციპლინური პროცესის კონფიდენციალურობა უბრუნდება 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას. დისციპლინური სხდომებზე საზოგადოების დასწრება მოსამართლის თანხმობითაც კი აღარ იქნება შესაძლებელი. (754 მუხლის პირველი პუნქტი)
კანონის მე-13 მუხლის მე-3 1 პუნქტში შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას წლები სჭირდება, ამ დროისთვის შეიძლება აღარ არსებობდეს საჯარო ინტერესი საქმესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ რომ დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად სასამართლო აქტის სრული ტექსტი ამ აქტის მიღებისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია.
სასამართლოს სხდომის ღიაობაც უბრუნდება 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას. ცვლილებების თანახმად: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.
საზოგადოებას შევახსენებთ რომ სასამართლო სხდომებზე ტელეკამერების დაშვება იყო ერთ ერთი ის სიახლე, რითაც ქართული ოცნება თავს იწონებდა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რომლის აკრძალვასაც ის მუდამ საყვედურობდა წინა ხელისუფლებას.
შესაბამისად, როგორც ყოველივე ზემო აღნიშნულიდან ჩანს, "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული ცვლილებები კიდევ უფრო აკნინებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულებას და მოქმედი ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს