Logo

დანია უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას მოითხოვს 

მსოფლიო
151
Frontnews image description

დანია, როგორც პირველი ივლისიდან ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მოითხოვს, რომ უნგრეთის წინააღმდეგ ამოქმედდეს ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა - ქვეყნის ხმის მიცემის უფლების შეჩერება. კოპენჰაგენი მიიჩნევს, რომ უნგრეთი არღვევს ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, მათ შორის უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვით, - ამის შესახებ ევროპულ საქმეთა მინისტრმა მარი ბიერემ განაცხადა.

ბიერემ ევროკომისიის წარმომადგენლების თანდასწრებით, განაცხადა, რომ უნგრეთი არღვევს ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ქვეყანას, რომელიც ასე იქცევა, არ აქვს უფლება, ხმა მისცეს რაიმე გადაწყვეტილებას, ამიტომ დანია აპირებს შესაბამისი ზომების მიღებას.

"ჩვენ კვლავ ვხედავთ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევას. სწორედ ამიტომ გავაგრძელებთ მე-7 მუხლის პროცედურას და უნგრეთის შესახებ მოსმენებს“, - აღნიშნა მან.

ბიერემ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების გარდა, დანიას სურს ბუდაპეშტისთვის ევროკავშირის ფონდებზე წვდომის შეზღუდვის საკითხის წამოწევა. დამრღვევმა ქვეყანამ ბლოკისგან ფინანსური შეღავათები არ უნდა მიიღოს.

მინისტრმა ასევე გააკრიტიკა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვა, რითაც ბუდაპეშტი ამაყობს. ბიერემ მიანიშნა, რომ დანია მზადაა გამოიყენოს ნებისმიერი არსებული პოლიტიკური და სხვა მეთოდი უკრაინასთან მოლაპარაკებების საკითხის წინსვლისთვის.

ამავდროულად, სტოკჰოლმი არ უჭერს მხარს მოლდოვასთან უკრაინისგან დამოუკიდებლად მოლაპარაკებების დაწყების იდეას და მხარს უჭერს ორივე ქვეყანასთან მოლაპარაკების კლასტერის ერთდროულად გახსნას.

ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს პოლიტიკური ბლოკის წევრი სახელმწიფოს დასჯას იმ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევისთვის, რომლებზეც ის დაფუძნებულია. ეს ეხება კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ პრინციპებს, ადამიანის უფლებებს და ა.შ.

მე-7 მუხლი ევროკომისიის უკანასკნელ საშუალებად მიიჩნევა კანონდამრღვევი ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, მას არაოფიციალურად ევროკომისიის პოლიტიკურ "ბირთვულ ღილაკს" უწოდებენ.

ბრიუსელმა არაერთხელ დაადანაშაულა უნგრეთი კანონის დარღვევაში, მაგრამ ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის პროცედურა არასდროს დასრულებულა. თუმცა, თუ ეს მუხლი ამოქმედდება, უნგრეთი, სხვა საკითხებთან ერთად, დაკარგავს ხმის მიცემის უფლებას ევროკავშირში: ის ვერ შეძლებს გავლენა მოახდინოს ბლოკის გაფართოების, სანქციების შემოღების და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საკითხებზე.

 

თაგები:

დანია
Advertisement