დარიანა გრიაზნოვა – მაინტერესებს, საიდან აქვს საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია ჩემი საქმიანობის შესახებ

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი დარიანა გრიაზნოვა არ შემოუშვეს.
დარიანა გრიაზნოვა საქართველოში 2021 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. ის საქართველოში სტამბოლიდან ბრუნდებოდა, თუმცა საზღვარზე არ გამოატარეს.
როგორც ის “ფორმულასთან” საუბარში აცხადებს, მისი არ შემოშვება და დეპორტაცია სავარაუდოდ, მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, ვინაიდან ის პუტინის კრიტიკოსია.
“საზღვარზე არავითარი ახსნა-განმარტება არ მიმიღია. რა თქმა უნდა, ამ უარს ვუკავშირებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას. საქართველოში არ უშვებენ რუს უფლებადამცველებს. საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს, რომ ვალდებული არიან, შეამოწმონ ქვეყანაში შემომსვლელი ადამიანები, მაგრამ თუ გადავხედავთ რუსეთის მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც თავისუფლად შემოუშვეს და შევადარებთ რუსი უფლებადამცველების რიცხვთან, ვისაც არ უშვებენ ქვეყანაში, გაოგნდებით. ყოველ მეორე უფლებადამცველს არ უშვებენ, ყველა არ საუბრობს საჯაროდ ამაზე.
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, არსებობს გარკვეული სია, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას. წლების განმავლობაში, საჯარო საქმიანობას არ ვეწეოდი, რადგან ვცხოვრობდი რუსეთში, იქ ვიდევნებოდი. ქვეყანა დავტოვე, როგორც კი პირველი ადევნება გაჩნდა. მე მაინტერესებს, საიდან აქვს საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია ჩემს შესახებ და ჩემი საქმიანობის შესახებ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და არასასურველი ხალხის სიებს ერთმანეთს უზიარებენ”, – აცხადებს გრიაზნოვა “ფორმულასთან”.
თაგები:





