Logo

დავით ჩომახიძე - მოსამართლის მიუკერძოებლობის დარღვევა, აღკვეთის ღონისძიების დაუსაბუთებლობა და ბრალდებების არასწორი კვალიფიკაცია არღვევს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს

სამართალი
95
Frontnews image description

“რატომ არის ლევან ხაბეიშვილის დაკავება უკანონო – მოსამართლის მიუკერძოებლობის დარღვევა, აღკვეთის ღონისძიების დაუსაბუთებლობა და ბრალდებების არასწორი კვალიფიკაცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს” - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი დავით ჩომახიძე.

“განვმარტავ, რატომ არის ლევან ხაბეიშვილის დაკავება უკანონო !!!

1. მოსამართლის მიერ მიუკერძოებლობის დარღვევა

მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რის უარყოფაც არ მომხდარა სასამართლოს მიერ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის - ზურაბ ბერიანიძის მეუღლე, ხოლო გამოძიებას ამ საქმეზე აწარმოებს სწორედ აღნიშნული სამსახური. ეს ქმნის ინტერესთა კონფლიქტისა და მიკერძოებულობის რეალურ საფრთხეს, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებთან, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებს:

"1. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:

დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან;

ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას".

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი ადამიანი, მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მუხლი 72 1 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს ან რომელიც მოსამართლეზე ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობაა.

75 1 მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე დადგენილია, რომ ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, არის:

„ბ.გ) მოსამართლის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტის ან  72 2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა;“

„ბ.დ) მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი;“

„ბ.ზ) მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმა.“

ქმედება, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, არის:

ე.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ  საფუძვლით;“

2025 წლის 11 სექტემბრის განჩინებაში „პირის დაკავების შესახებ“ (საქმე N22472) მოსამართლე განმარტავს შემდეგს:

"სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები მიუთითებს დასაბუთებული ვარაუდით ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობაზე. ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს მაღალი ხარისხით აფუძნებს მისი პიროვნების უარყოფითი მახასიათებლები.“

„ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს მაღალი ხარისხით აფუძნებს მისი უარყოფითი დამოკიდებულება მართლწესრიგის ნორმების მიმართ. აღნიშნული კი მიუთითებს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, მით უფრო, იმ პირობებში, რომ ლევან ხაბეიშვილის სავარაუდო ქმედებას წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად ჰქონდა განგრძობადი და პერმანენტული ხასიათი, აღნიშნული მოითხოვს მაქსიმალურად ყურადღებით იქნას გაანალიზებული ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო საფრთხე და შერჩეული იქნეს მისი პრევენციისთვის ქმედითი ღონისძიება. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი განსახილველი ვარაუდის სტანდარტით აშკარაა.“

სასამართლო ერთის მხრივ განგრძობად დანაშაულად მიიჩნევს ქმედებას, ხოლო შემდეგ განგრძობად დანაშაულს განიხილავს როგორც ახალ დანაშაულს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლთან.

თუ პირი ერთსა და იმავეს აცხადებს რამდენჯერმე, ეს არის ერთიანი განზრახვის მრავალჯერადი გამოხატულება. ამასთან, ყოველი განმეორებითი განცხადების სამართლებრივი შედეგი იგივეა - საჯარო დაპირება უკვე გაცემულია, ხოლო განმეორებით ნათქვამი არის არსებული დაპირების განმტკიცება/გავრცელება.

ამგვარი შეფასებები (პიროვნების უარყოფითი მახასიათებლები, მისი უარყოფითი დამოკიდებულება სამართლის ნორმების მიმართ) არ ეფუძნება არავითარ მტკიცებულებას და მიუთითებს მოსამართლის წინასწარ ჩამოყალიბებულ უარყოფით დამოკიდებულებაზე ლევან ხაბეიშვილის მიმართ, რაც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, ევროსასამართლოს პრაქტიკა — Hauschildt v. Denmark, 1989).

2. აღკვეთის ღონისძიების დაუსაბუთებლობა

სასამართლო მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილმა შესაძლოა, საგამოძიებო ორგანოს მიერ, უკვე მოპოვებული მტკიცებულებები ანუ ვიდეო მიმართვები და ინტერვიუები წაშალოს, მაგრამ გაურკვეველია, როგორ უნდა წაშალოს ინტერვიუები ლევან ხაბეიშვილმა, რომლებიც სხვადასხვა მედია საშუალებებით (საინფორმაციო სააგენტოები, ტელემაუწყებლობა) არის გავრცელებული.

რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, მოსამართლე ზოგადად, მტკიცების და ყოველგვარი განმარტების გარეშე მიუთითებს, რომ ლევან ხაბეიშვილმა შესაძლოა ზემოქმედება განახორციელოს მოწმეებზე, მაშინ როდესაც მოწმეები მხოლოდ ფორმალურად არსებობენ და ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ლევანის საჯარო შეთავაზება მოისმინეს ვიდეო მიმართვების და ინტერვიუების საშუალებით. ამასთან, მოსამართლე არ განმარტავს, რა სახის ზემოქმედებაზეა ეჭვი ან როგორ შეიძლება ზემოქმედება და რა უნდა შეიცვალოს ამგვარი ზემოქმედების შედეგად.

ასევე ფორმალურადაა მითითებული ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე და მიმალვის საშიშროებაზე, რის პრევენციაც საკმაოდ ადვილია აღკვეთის სხვა ღონისძიებების გამოყენებით. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ფორმალური ნიშნებიც კი არ არსებობს წაყენებული ბრალის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად, პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როცა სხვა ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს პროცესის მიზნებს. მოცემულ საქმეში პროკურატურამ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ლევან ხაბეიშვილი მოიმოქმედებს პროცესისათვის საფრთხის შემცველ ქმედებებს.

სასამართლოს განჩინება არ შეიცავს კონკრეტულ არგუმენტებს, რატომ ვერ უზრუნველყოფდა მაგალითად გირაო, პირობითი ვალდებულებები ან მოსამართლის კონტროლი მიზნების მიღწევას და რატომ გახდა აუცილებელი პატიმრობის გამოყენება.

3. ბრალდებების არასწორი კვალიფიკაცია

ლევან ხაბეიშვილისადმი წარდგენილი ბრალდება - საჯაროდ ჯილდოს დაპირება, არ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილის კრიტერიუმებს, ვინაიდან ქრთამად მიიჩნევა მხოლოდ უკანონო მატერიალური სარგებელი თანამდებობის პირისათვის ან მისი მეშვეობით, ხოლო აქ შეთავაზება ეხება ინფორმაციის მიმწოდებლებს, რაც არსებითად განსხვავებულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ქრთამად ითვლება უკანონო მატერიალური ან სხვა უპირატესობის მიღება/გაცემის მოთხოვნა, დაპირება, შეთავაზება ან მიცემა საჯარო მოხელისათვის მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების სანაცვლოდ.

მნიშვნელოვანია, რომ ქრთამი ეხება პირად/კერძო ინტერესს, რომელიც საჯარო მოხელეს გადაეცემა ან უნდა გადაეცეს, ხოლო სახელმწიფოს მიერ კანონით გათვალისწინებული პრემიები/ჯილდოები არ არის ქრთამი, თუ ისინი განსაზღვრულია საჯარო წესით და ყველასათვის ერთნაირად მოქმედებს.

ჩვენს შემთხვევაში, პოლიტიკოსი - ლევან ხაბეიშვილი, როგორც პარტიის წარმომადგენელი, საჯაროდ აცხადებს, რომ თუ პარტია მოვა ხელისუფლებაში, საჯარო მოხელეებს, რომლებიც არ შეასრულებენ უკანონო დავალებას და/ან გაამხელენ დანაშაულს, ბიუჯეტიდან დაენიშნებათ ფულადი ჯილდო.

სწორედ ესაა განსხვავება ქრთამის კლასიკური დანაშაულისგან, რადგან:

1. ქმედება, რისთვისაც ჯილდო ინიშნება, თვითონ კანონიერია და სავალდებულო (უკანონო დავალების შეუსრულებლობა, დანაშაულზე შეტყობინება – ეს სამართლებრივი ვალდებულებაა).

2. დაპირებული თანხა მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც სისტემური მექანიზმი, და არა პირადი/პარტიული რესურსიდან.

3. ეს არის პრემია/წახალისების მექანიზმი, რომლის შემოღებაც პოლიტიკური დაპირების გზით ხდება.

4. ქრთამის დაპირებად/შეთავაზებად ეს ვერ ჩაითვლება, რადგან არ არსებობს უკანონო ან პირადი სარგებლის კომპონენტი. დაპირებული სარგებელი მოდის არა პირადი წყაროდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც პოლიტიკური პროგრამის ნაწილი;

5. წახალისება უკავშირდება საჯარო მოხელის კანონიერ მოვალეობას (უკანონო დავალების შეუსრულებლობა, დანაშაულზე შეტყობინება);

6. არ არსებობს უკანონო პირადი სარგებლის მოტივაცია.

ეს პოლიტიკური დაპირებაა, რომლის განხორციელებაც კანონშემოქმედებით დონეზე შეიძლება და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მასში არ იკვეთება.

სსკ 338-ე და 339-ე მუხლების საფუძველზე, დასჯადია „საჯარო მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის მოთხოვნა ან მიღება“ და „ქრთამის მიცემა, დაპირება ან შეთავაზება საჯარო მოხელისთვის მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების სანაცვლოდ“.

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისთვის მნიშვნელოვანია სამი ელემენტი:

1. სუბიექტი – საჯარო მოხელე (ან პირი, რომელიც საჯარო სამსახურშია).

2. ობიექტი – პირადი მატერიალური სარგებელი (ფული, ნივთი, სერვისი, უპირატესობა).

3. მიზანი – რომ მოხელემ შეასრულოს/არ შეასრულოს მოქმედება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ჩვენს შემთხვევაში წარმოდგენილია სრულიად განსხვავებული კომპონენტები:

1. სუბიექტი: პოლიტიკოსი, რომელიც განცხადებას აკეთებს, არ არის საჯარო მოხელე.

2. ობიექტი: დაპირებული სარგებელი (ფულადი ჯილდო) მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც პროგრამა, და არა პირადი ჯიბიდან.

3. მიზანი: წახალისება მიმართულია იმაზე, რომ მოხელემ დაიცვას კანონი – არ შეასრულოს უკანონო დავალება და შეატყობინოს დანაშაულზე. ეს ქმედება ისედაც სამართლებრივი ვალდებულებაა.

ამიტომ, ქრთამის „უკანონო პირადი სარგებლის“ ნიშნები არ იკვეთება.

შესაბამისად, პოლიტიკური განცხადება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამის დაპირებად ან შეთავაზებად (სსკ 338–339), რადგან:

• არ არსებობს პირადი უკანონო სარგებელი,

• წახალისება უკავშირდება კანონის დაცვას,

• დაპირებული თანხა უნდა განისაზღვროს და წამოვიდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ეს არის პოლიტიკური დაპირება, ხოლო რეალიზაციის შემთხვევაში – კანონშემოქმედებითი საკითხი (ჯილდოების სისტემის შემოღება), სადაც ჯილდოს გაცემას დასჭირდება კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (მაგ. მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრული საფუძველი.

ამასთან, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და შრომის კოდექსი ზოგადად ითვალისწინებს პრემიის/დაჯილდოების მექანიზმებს, მაგრამ კონკრეტული შემთხვევები – მაგალითად, უკანონო დავალების შეუსრულებლობა ან დანაშაულზე შეტყობინება – ლევან ხაბეიშვილის შეხედულებით, საჭიროებს ცალკე დარეგულირებას რისთვისაც, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, სადაც განსაზღვრული იქნება ვინ არის ინფორმაციის მიმწოდებელი, რა შემთხვევაში ეკუთვნის მას ჯილდო, რა ოდენობით და როგორ დაფინანსდება ეს თანხები: სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ ანაზღაურებული ზარალიდან.

მით უმეტეს, მაშინ როდესაც საჯარო მოხელეს აქვს ვალდებულება არ შეასრულოს უკანონო დავალება და შეატყობინოს დანაშაულზე (კანონის დაცვა), მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი ქმედებები ხშირადაა დაკავშირებულია პირად რისკებთან (პოლიტიკური ზეწოლა, სამსახურის დაკარგვა), სახელმწიფომ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოს ფინანსური და სოციალური გარანტიები.

ბევრ ქვეყანაში არსებობს „Whistleblower protection“ კანონები, სადაც ინფორმაციის მიმწოდებლებს უნარჩუნდებათ სამსახური და ზოგჯერ ფინანსურადაც ჯილდოვდებიან.

მაგალითად აშშ, სადაც არსებობს ინფორმაციის მიმწოდებელთა დაჯილდოების პროგრამა (Whistleblower Reward Programs) და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან ანაზღაურებული ზარალიდან, ნაწილი ეძლევა იმ პირს, ვინც გაამხელს კანონდარღვევას.

ევროკავშირი: 2019 წელს მიღებული დირექტივა ინფორმაციის მიმწოდებელთა დაცვის თაობაზე (Whistleblower Protection Directive), რომელიც ავალდებულებს წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ინფორმაციის მიმწოდებლების დაცვა და  წახალისებაც.

ასევე, მშვიდობიანი რევოლუციისკენ მოწოდება არ შეიძლება ავტომატურად გაიგივდეს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებასთან (სსკ-ის 317-ე მუხლი). აღნიშნული კვალიფიკაცია ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს (საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლი; ევროსასამართლო — Ezelin v. France, 1991).

სსკ 317-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა ან ძალადობით შეცვლისკენ მოწოდება დანაშაულია, როცა მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ არის მიმართული ანუ აუცილებელია ძალადობის ელემენტი: იარაღით, ძალის გამოყენებით, სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურებით და ა.შ.

თუ ადამიანი საჯაროდ ამბობს: „უნდა მოვახდინოთ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება ან დამხობა ან რევოლუცია“, „უნდა დავათმობინოთ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, პროტესტით, დემონსტრაციით, არჩევნებით“ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არ არსებობს ძალადობისკენ მოწოდება, ხოლო უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლით.

ევროსასამართლო  განასხვავებს ძალადობრივ გადატრიალებისკენ მოწოდებას მშვიდობიანი პროტესტის ან რევოლუციის იდეისგან რაც არის სიტყვის თავისუფლების ფორმა (Ezelin v. France, 1991; Stankov and the United Macedonian Organisation Ilinden v. Bulgaria, 2001).

შესაბამისად, ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობაზე მოწოდება არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რადგან არ არსებობს ძალადობის ელემენტი, პირიქით, ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი – პოლიტიკური კრიტიკა, პროტესტი, ცვლილებების მშვიდობიანი მოთხოვნა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ევროსასამართლო) არაერთხელ გამოუტანია გადაწყვეტილება „მშვიდობიანი რევოლუციისკენ ან პროტესტისკენ მოწოდების“ შესახებ.

სიტყვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი) მოიცავს არა მხოლოდ პოპულარულ მოსაზრებებს, არამედ ისეთსაც, რომელიც „შეურაცხმყოფელია, შოკის მომგვრელი ან აღიზიანებს სახელმწიფოს“. შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს რეალური და უშუალო საფრთხე ძალადობისკენ”, - წერს დავით ჩომახიძე

Advertisement