დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე - მოჰყავდათ გონებადაკარგული, დასახიჩრებული, სისხლში ამოსვრილი ადამიანები, შეჰყავდათ და ცივ იატაკზე აწვენდნენ

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსი, პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი დავით ლორთქიფანიძე, გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ 2011 წლის 26 მაისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, 26 მაისის ღამეს ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც გონებადაკარგული, დასისხლიანებული ხალხი მიჰყავდა რეჟიმს, მეორე დღეს კი მან შეიტყო სულიკო ასათიანის მკვლელობის ამბავი, რასაც შემდეგ მოჰყვა ოჯახისადმი გამუდმებული მუქარა და შანტაჟი.
"ჩვენ მთელი ღამე, შემდეგ ვიყავით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როდესაც დამტვრეული და დასახიჩრებული ხალხი მოჰყავდათ, ასზე მეტი ადამიანი ჩვენი ბეჭით „შევიტანეთ“ კლინიკაში და მე ეს გავიგე მეორე დღეს, რომ ორი ადამიანი იპოვეს თავისუფლების მოედანზე, მარკეტის თავზე. მთელი ეს პროცესები ამის მერე განვითარდა - ოჯახთან სერიოზული მუქარები, აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ, ემუქრებოდნენ, ურჩევდნენ რომ ასე ცხოვრება ვერ გაგრძელდებოდა იმის გამო, რომ ისინი ძალიან დიდხანს დარჩებოდნენ ხელისუფლებაში და ამის გამო პასუხს აგებინებდნენ. მე ვიცოდი ეს ყველაფერი“,- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა ხდებოდა კონკრეტულად 2011 წლის 26 მაისის ღამეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ლორთქიფანიძემ აღწერა ის ყოფა, რომელშიც დასისხლიანებულ, გონებადაკარგულ ადამიანებს ამყოფებდა რეჟიმი. ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ კლინიკაში მხოლოდ გონებადაკარგული ხალხი გადაჰყავდათ, რათა ისინი არ გარდაცვლილიყვნენ.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩვეულებრივად ხდებოდა ამათი [ნაციონალური მოძრაობის] არაადამიანური მოპყრობის ლეგალიზება. მოდიოდა სასწრაფოები სასწრაფოებზე და მოჰყავდათ დასახიჩრებული ადამიანები, დამტვრეულები, სისხლში ამოსვრილები და პირდაპირ შეჰყავდათ და ცივ იატაკზე აწვენდნენ პირდაპირ სანამ ექიმი მოიცლიდა, მოვიდოდა და ნახავდა. ამან ჩემი პროტესტი გამოიწვია, შევედი და ვუთხარი - არ გრცხვენიათ კაცო, ამხელა კლინიკაში ნუთუ „ადიელები“ არ გაქვთ, მოიტანეთ და ძირს მაინც დააფინეთ, რომ ეს ხალხი იმაზე მაინც დაწვნენ. გონებადაკარგული ადამიანები მოჰყავდათ და რომ არ გარდაცვლილიყვნენ ამიტომ მოჰყავდათ საავადმყოფოში, თორემ ვისაც სიცოცხლის ნიშან-სვეტი ჰქონდა დარჩენილი ისინი არ მოჰყავდათ, ფაქტობრივად, მოჰყავდათ ადამიანები, რომლებიც მანქანიდან თვითონ ვერ ჩამოდიოდნენ და კადრებიც არსებობს, სასწრაფოს მანქანიდან ჩვენ ჩამოგვყავდა“,- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რატომ ეყარა ძირს ამდენი ხალხი, ლორთქიფანიძემ უპასუხა, რომ ადგილი არ იყო საავადმყოფოში და ამიტომ ეყარნენ ძირს გონებადაკარგული ადამიანები.
„ადგილი არ იყო. სულ სისხლში იყო ყველაფერი მოსვრილი, ალბათ სპეციალურად გააკეთეს იმიტომ, რომ ისინი ხომ მოქმედებდნენ სადიზმის რაღაც განსაკუთრებული [ფორმა] ჰქონდათ, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ დასცალდათ თორემ, შემდგომში ამას ისე „ლამაზად დახატავდნენ“ და დაანახებდნენ საზოგადოებას, რომ ადამიანი ქუჩაში გამოსვლასაც ვერ გაბედავდა, რა აქცია, რის აქცია, ვის ჰქონდა ორი თავი?! იმიტომ რომ ანახებდნენ ამ უბედურებას, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მომავალ წელს მათი [მმართველობა] დასრულდა, ისე როგორც უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ამდენი ადამიანი შეიწირეს იმ ღამეს. რამდენიმე მოკლეს, მანამდე იცით თქვენ, რომ 125 ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტეს პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
თაგები:
დავით ლორთქიფანიძე




