Logo

დავით საყვარელიძე – უნდა შეეგუონ იმას, რომ ყოველთვის ვერ იქნებიან და რაც უფრო მოუჭერენ ზამბარას, მით უფრო მძლავრად მოხვდებათ უკან

პოლიტიკა
15.10.2021 / 17:54
Frontnews image description

დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს მისცემს გარანტიას ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოვა  – ამის შესახებ  უკრაინული პარტიის “ახალ ძალთა გაერთიანების” თანადამფუძნებელი დავით საყვარელიძე აცხადებს. 

 

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა პირდაპირ კავშირშია თითოეული ქართველისათვის სტიმულისა და იმედის დაბრუნებასთან. 

 

“მიშა ეს არის დიდი გამარჯვებებისათვის დაბადებული ადამინების სახე, რომლებიც გარკვეული იდეალებისათვის იბრძვიან. ბევრისთვის, ალბათ, მათ შორის საქართველოში ვინც განცხადებას აკეთებს, ხელისუფლების, ივანიშვილის წარმომადგენლების მხრიდან ეს არის უცხო, რომ იდეისთვის ბრძოლისა  და მორალური პრინციპებისთვის გადადო მთელი ცხოვრება, ჩამოხვიდე, ჩაჯდე ციხეში, ან გარისკო საკუთარი სიცოცხლით, რაც სააკაშვილს არაერთხელ გაუკეთებია”,  – განაცხადა საყვარელიძემ “მთავარი არხის” ეთერში. 

 

მისივე თქმით, 14 ოქტომბრის აქციამ აჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელსაც შეუძლია ცვლილებების განხორციელება.

 

“პატარა პოლიტიკურმა ძალებმა, გუშინ, ფაქტობრივად, ექსკლუზიურად დაუთმეს  ასპარეზი “ნაციონალურ მოძრაობას”, დაანახეს მთელ საქართველოს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, ამ ყველაფრის გადატეხვა. 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი აქცია გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, ციხეში მჯდომმა ადამიანმა. “ნაციონალური მოძრაობა” დღესაც ამბობს, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შურისძიებას საქართველოში დავამთავრებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთ მაგიდასთან ისხდებიან და ყანწებს დალევენ და სადღეგრძელოებს იტყვიან, ან კობახიძე და გვარამია, ან მელია და მდინარაძე, მაგრამ ეს შუღლი და ზიზღი უნდა დამთავრდეს. ზედმეტად პატარა ქვეყანა ვართ და ამას ვერ გავუძლებთ. როდემდე შეიძლება ასე ვიაროთ ვიღაცის ყურით მოთრეული თემებით, ვიაროთ წარსულით და ჩავიხარშოთ ამ წარსულში? ქვეყანა არის ასაშენებელი. ვერ გაუძლებს საქართველოსნაირი პატარა და სუსტი ქვეყანა ასეთ კატაკლიზმებს, თუ არ ვიქენით ძალიან შეკრული და გაერთიანებული. 

 

ვადევნებთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს თვალს, ზოგი თეთრით და ზოგი შავი შურით მშურს… მე ერთ შეკითხვას დავსვამდი, ვართ თუ არა მზად,  ხვალ, სრულიად შემთხვევით, ვაშლივით რომ ჩამოვარდეს აფხაზეთი, არის თუ არა საქართველო იმ ფორმაში, რომ ეს ვაშლი დაიჭიროს?!  არა ვართ, რა თქმა უნდა, ამიტომ უნდა მოხდეს მაქსიმალური კონსოლიდაცია, უნდა დამთავრდეს ზიზღი,  უნდა დაიწყოს ნამდვილი პოლიტიკური პროცესი. ვისაც უნდა პოლიტიკაში დარჩება, ვერავინ აუკრძალავს იგივე კობახიძეს, რომ პოლიტიკაში იყოს. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი და მას თავისი ამომრჩეველი დარჩება.  ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ ყოველთვის ვერ იქნებიან და რაც უფრო მოუჭერენ ზამბარას, მით უფრო მძლავრად მოხვდებათ უკან”, – განაცხადა საყვარელიძემ. 

 

როგორც ის აღნიშნავს, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების ჩარევით მოხდეს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემა და სამმხრივი შეთანხმების მიღწევა. 

 

“ბელორუსიის სცენარი საქართველოში ვერ განვითარდება,  ხალხს ვერ დახოცავენ ქუჩაში, რაც უნდა ემუქრებოდნენ. ერთი მუქარა ჩაუვარდათ, რომ ჩამოვა სააკაშვილი და სისხლისღვრა იქნება. არ იქნება სისხლისღვრა. ყველაფერი, სისხლისღვრაც დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რამდენად მიიღებს მშვიდად და ადამიანურად, რომ გადავიდეს ოპოზიციაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს მისცემს გარანტიას ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და დასავლეთიც მათ შორის და შეიძლება მოხდეს სამმხრივი შეთანხმება”- განაცხადა საყვარელიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები