დენიელ ფრიდი – ჩვენ არ მოგვიხდენია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არც გორი დაგვიბომბავს, ეს მოსკოვმა გააკეთა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ ხშირად უშვებს შეცდომებს, მაგრამ ჩვენ არ მოგვიხდენია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოიკოტი საქართველოს პროდუქციისთვის, არც გორი დაგვიბომბავს. ეს მოსკოვმა გააკეთა, – ამის შესახებ “ატლანტიკური საბჭოს” უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიზეზებიდან გამომდინარე, “გლობალური ომის პარტია” რუსეთია.
“საქართველოს სუვერენიტეტი დამოკიდებულია ცოცხალ, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რადგან ქართველი ხალხის სიძლიერეა ის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობას უნარჩუნებს.
რუსეთი იწყებს ომებს, რათა აღადგინოს რუსული იმპერია და რატომ უნდა იყოს საქართველოს ინტერესებში პოლიტიკურ პარტიებზე შეტევა და მათი გაუქმება, ეს არის შეკითხვა, რომელიც მე მაწუხებს და ვერავინ გამცა პასუხი. “ქართულმა ოცნებამ” მოიგო არჩევნები, მან დაამარცხა “ნაციონალური მოძრაობა” და ამისთვის არ გამხდარა საჭირო პოლიტიკური პარტიების გაუქმება ან “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი. ასე რომ, თუ ისინი მოიგებენ – მოიგონ, მაგრამ ეს კანონი ჩანს, როგორც გაყალბების საშუალება. მე არ მგონია, რომ ეს ქართველმა ხალხმა მოიწონოს. ამერიკელებს არ უნდათ, რომ საქართველომ დაკარგოს თავისი დემოკრატია, გახდეს კიდევ ერთი ავტორიტარიზმი და საბოლოოდ, დამორჩილდეს მოსკოვის ხელისუფლებას.
აშშ ხშირად უშვებს შეცდომებს, მაგრამ ჩვენ არ მოგვიხდენია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოიკოტი საქართველოს პროდუქციისთვის, არც გორი დაგვიბომბავს. ეს მოსკოვმა გააკეთა და ქართველებმა ეს ამერიკელების გარეშეც მშვენივრად იციან, ამიტომ, რომელი ქვეყანა წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის? ის, რომელიც მას ეხმარება, თუ მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე ხშირად მესმის “ქართული ოცნების” წევრებისგან “გლობალური ომის პარტიის” შესახებ. ვინ დაიწყო ომები საქართველოში? ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? ასე რომ, “ომის პარტია” არის პუტინი და მას მიაჩნია, რომ ომი არის მისი იმპერიის აღდგენის საშუალება. ქართველები ხშირად ამბობენ, რომ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ მისი დემოკრატიის დასუსტება არ მიიყვანს ამ ქვეყანას ევროპული მომავლისკენ, არამედ მიიყვანს რუსული მმართველობისკენ. შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვოს, შესაძლოა, წააგოს და შესაძლოა, გააყალბოს, ამიტომ ამერიკა იმის მიხედვით გადაწყვეტს, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები”, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.
თბილისში ჯორჯ ბუშის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის მე-8 კონფერენცია “გარდამტეხი წელი” მიმდინარეობს.
თაგები:
დენიელ ფრიდი




