მეფე ღმერთებთან ოლიმპოზე ავიდა - პელე, როგორც კერპი

"მოვა დრო და ზეცაში ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ - ასე დაემშვიდობა 2020 წლის 25 ნოემბერს პელე მარადონას. ადამიანები, რომლებმაც თავის დიდებულებით ფეხბურთი ოლიმპოს მთამდე აიყვანეს, ამ ქვეყნად უკვე აღარ არიან.

ის, ვინც ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგა, ის, ვინც საკუთარი სახელი უკვდავყო და ფეხბურთი უამრავ ადამიანს შეაყვარა, რამდენიმე დღეა, სამყაროს სამუდამოდ დაემშვიდობა, თუმცა ის კიდევ დიდხანს დარჩება აქ, როგორც ლეგენდა, რომელმაც ყველაფერი შეძლო. მისი სახელი იქამდე ემახსოვრებათ დედამიწაზე, ვიდრე მწვანე მინდორზე ფეხბურთის ბურთი იგორავებს და შეიძლება მეტიც კი, რადგან „პელე“ უკვე ასოცირდება ჩემპიონთან, გამარჯვებასთან... 

1940 წელს ტრეს-კორასოინსში დაიბადა ბიჭი ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, რომელსაც სახელი თომას ედისონის პატივსაცემად დაარქვეს, მაგრამ მას ამ სახელით ნაკლებად იცნობენ. ერთ-ერთი ისტორიის თანახმად, ბიჭუნას მამის გუნდში თამაშობდა მეკარე ბილე, რომელსაც ედსონი ბაძავდა ხოლმე და ვარჯიშებზე ხშირად დგებოდა კარში, მოგერიებული ბურთის შემდეგ კი ბიჭუნას მიმართავდნენ ფრაზებით „სუპერ ბილე“, „ბრწყინვალე ბილე“. მალე ამ სახელმა ფორმულირება შეიცვალა და ბიჭს მეტსახელი პელე ეწოდა, მას ეს ძალიან აღიზიანებდა და აღნიშნავდა, რომ ამაყობდა საკუთარი სახელით, რომელიც თომას ედისონის გამო ერქვა, თუმცა საბოლოოდ ის იძულებული გახდა, შეგუებოდა მეტსახელს, რომლითაც მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 

1954 წელს ედსონმა ატირებული მამა შენიშნა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნას განიცდიდა, 13 წლის პელე მას შეპირდა, რომ მომდევნო თასი ბრაზილიაში ჩავიდოდა, 1958 წელს მან მამასთან დადებული პირობა შეასრულა და 17 წლის ასაკში საკუთარ ქვეყანას მუნდიალი მოაგებინა. პელე უნიკალურია, ის ერთადერთია ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი - 1958, 1962 და 1970 წლებში. რაც შეეხება 1966 წლის ტურნირს, ის ინგლისში იმართებოდა და პელეს კარიერაში ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად ითვლება. უპირობო ფავორიტი ბრაზილია ჯგუფიდანაც ვერ გავიდა, ამის მიზეზი მეტოქეების მხრიდან პელეს წინააღმდეგ გამიზნული უხეშობა იყო, პირველ მატჩში ბრაზილია ბულგარეთს დაუპირისპირდა, შეხვედრაში პელემ გოლიც გაიტანა, თუმცა მეტოქის ფეხბურთელები იმდენად უხეშობდნენ მის წინააღმდეგ, რომ ედსონი იძულებული გახდა მომდევნო შეხვედრა გამოეტოვებინა უნგრეთთან, რომელშიც ბრაზილია დამარცხდა.

პელე სხვა გზა არ ჰქონდა, მას ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ ტრავმით უნდა ეთამაშა, რადგან გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, გუნდის შანსები მის გარეშე ძალიან დაბალი იყო, საბოლოოდ პელეს წინააღმდეგ პორტუგალიელებმაც ნაცნობ ხერხს მიმართეს და ედსონ არანტესმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, შეხვედრაში კი ბრაზილია 3-1 დამარცხდა. ამის შემდეგ ფეხბურთელმა დაიფიცა, რომ ნაკრებში მეტჯერ აღარ ითამაშებდა, თუმცა 1970 წლის ჩემპიონატისთვის იგი გარკვეულმა ფაქტორებმა გადაარწმუნეს, დაბრუნდა და მსოფლიოს ჩემპიონი რიგით მესამედ გახდა.

წარმოუდგენელი შედეგი - 1281 გატანილი გოლი, ეს ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს მიღწევაა. მან პროფესიონალური კარიერა „სანტოსში“ დაიწყო და ამ კლუბის ერთგულება დიდხანს შეინარჩუნა, 18 წლის განმავლობაში, პელე და სანტოსი ერთად წერდნენ ისტორიას, ხოლო ამის შემდეგ ფეხბურთის მეფემ ამერიკას მიაშურა და კარიერის უკანასკნელ ეტაპზე შეერთებულ შტატებში „ნიუ-იორკ კოსმოსის“ შემადგენლობაში 2 წელი იასპარეზა. 

"მე ფეხბურთის სათამაშოდ გავჩნდი, როგორც ბეთჰოვენი გაჩნდა მუსიკისთვის და მიქელანჯელო მხატვრობისთვის“.

 პელე დიდებულია, თუმცა მის ცხოვრებაში არსებობს ერთი შავი ლაქა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ამას დიდებულად აღწერს ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე - „გარინჩას არ დაუშვია შეცდომა: არ დაუკარგავს ბურთი, არ შეშლია პასი, კარისთვის არ აუცილებია ბურთი - აი, ეს კი მართლაც ფანტასტიკური გახლდათ.აქამდე არც კი მენახა ფეხბურთელი, რომელიც პრაქტიკულად არ ცდებოდა. ცდებიან მეფეები, იმპერატორები, სარდლები, კაიზერები... არ ცდება მხოლოდ მანე... ამიტომაც მოკვდა და ამიტომაც ღრიალებდა ბრბო მის გასვენებაში, კუბოსკენ რომ იშვერდა ხელს. "პელე, შენი ადგილი აქ არის!" პელე კი იქ არ იყო - აბა, მეფეები დადიან გენიოსების გასვენებაში?“ 

დიახ, პელე გარინჩას გასვენებაში არ მივიდა, ხალხში დღემდე დადის ხმები, რომ მან ღარიბ თანამემაულეს თავი არ გაუყადრა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოლიმპოზე ღმერთებს შორის გარინჩას პელეზე არანაკლები ადგილი უკავია.

ზემოთხსენებული ფაქტი გვარწმუნებს, რომ ედსონიც ჩვეულებრივი ადამიანია და ისიც უშვებდა ცხოვრებისეულ შეცდომებს. 

რატომ მიუძღვნა პელემ მთელი კარიერა “სანტოსს”?

1958 წელს, მას შემდეგ რაც ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 17 წლის პელემ მიიქცია ისეთი ევროპული გრანდების ყურადღება, როგორებიცაა: მადრიდის “რეალი”, ტურინის “იუვენტუსი”, მილანის “ინტერი” და მანჩესტერ “იუნაიტედი”. 

რა გასაკვირია, რომ მისი ბრაზილიაში დატოვება მარტივი საქმე არ იქნებოდა, ამის გამო 1961 წელს, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯანიო კვადროსმა პელე “ეროვნულ საგანძურად” გამოაცხადა, მან კი ეს ტიტული ღირსეულად ატარა, იგი არის ქვეყნის ეროვნული გმირი და კერპი ყველა თაობისთვის.
საბოლოოდ პელე ბრაზილიაში დარჩა და თავის კარიერა სიამოვნებით მიუძღვნა “სანტოსს”.

რაინდი პელე

პელეს 1997 წელს ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ II-მ საპტიო რაინდის წოდება მიანიჭა.

მას არ შეეძლო გამოეყენებინა თავის სახელში სიტყვა “სერ”, რადგან არ იყო ბრიტანეთის მოქალაქე, ამიტომ იგი დარჩა საპატიო რაინდად და ვერ გახდა ჭეშმარიტი რაინდი.

პელეს დღე

1969 წლის, 19 ნოემბერს, პელემ თავის კარიერაში მეათასე გოლი გაიტანა, ამის შემდეგ კი სანტოსში 19 ნოემბერი აღნიშნება როგორც პელეს დღე. 

კარიერა, რომელიც განუმეორებელია, ეკუთვნის თავად განუმეორებელ ფიგურას ფეხბურთის ისტორიაში, იგი ფლობს ისეთ რეკორდს, რომლის გამეორებაც კი წარმოუდგენელია, 3 გზის მსოფლიო ჩემპიონობა.

პელე უკვე ოლიმპოზეა მარადონასთან და ფეხბურთის სხვა ღმერთებთან ერთად. მათ იქ ყოფნა დაიმსახურეს, მხოლოდ იმიტომ რომ გვაჩუქეს დაუვიწყარი მომენტები, რომლებიც თაობიდან-თაობას გადაეცემა და მარადიულად იცოცხლებს დედამიწაზე, სანამ ფეხბურთი იარსებებს. 

კაცმა, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა, ვერ შეძლო სიმსივნისთვის ბრძოლის მოგება და 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ის დარჩა და დარჩა ისეთი განუმეორებელი, როგორიც იყო საკუთარი შარმით და საგოლე ალღოთი. 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი