დევი ტაბიძე – შესაძლოა, სულ მცირე 7 000 შემთხვევას გადავცდეთ, ეს არის ძალიან მძიმე ციფრი, მაგრამ რეალობა

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა.
“დღევანდელი ციფრები ნამდვილად საგანგაშოა, რადგან ეს პრაქტიკულად, 2021 წლის ყველაზე პიკურ მდგომარეობას იმეორებს, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. რამდენიმე მიმართულებაა, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ჩვენი მოსაზრებით, ყველაზე მთავარია, რომ კიდევ ერთხელ მოსახლეობას მივაწოდოთ ზუსტი მესიჯი და თუნდაც დავანახოთ, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან თამაში და ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება, რადგან ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, როდის, რას გამოავლენს და რომელ ახალ შტამს წამოიღებს, არავინ იცის.
გარდა ამისა, არსებობს მოცემულობა, რასაც ჰქვია სეზონური გრიპის ვირუსები, რომელიც უკვე შეერია, ასე ვთქვათ, მოხდა მათი გადაკვეთა. ამ ფორმით კიდევ მოიმატებს და გაიზრდება რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და არ ვიქნებით ორგანიზებულად, შესაძლებელია, სულ მცირე 7 000 შემთხვევას გადავცდეთ, ეს არის ძალიან მძიმე ციფრი, მაგრამ რეალობაა“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრებამ.
„ვითარება სტაბილური იყო, ახლა ისევ გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და კიდევ გაიზრდება. პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რეალურად, ამან ხელი შეუწყო, 10 000 და 50 000 ადამიანის შეკრება არის პროვოცირების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს უკვე გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ პაციენტები და სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიმძიმდება სიტუაცია. პაციენტების მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ამიტომ რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება, რადგან პაციენტები უფრო მეტად მძიმე სტატუსით ხასიათდებიან. ექიმებსაც აქვთ ადამიანური რესურსის გარკვეული ზღვარი, დღეს კიდევ ამ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.
თაგები:
კორონავირუსი




