Logo

დევიდ სმიტი – ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალებით, მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი

სამართალი
577
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ამერიკელი ტოქსიკოლოგის დევიდ სმიტის გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მოითხოვს დაუყოვნებლივ დეტოქსიკაციას.

 

“მე განვიხილე სამედიცინო ჩანაწერების დიდი რაოდენობა, ლაბორატორიული ტესტების შედეგები, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები, ასევე გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და ასევე 170-გვერდიანი დასკვნა. 

 

ჩემი აზრით, ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალებით. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომელიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და ამ პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. ამის შედეგად მან განიცადა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. განსაკუთრებული ადგილი, რომელიც დაზიანდა თავის ტვინში, იყო თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ და ადგილ აქვს კუნთების განლევას. მას გააჩნია ასევე დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს გასტრიტს, რაც იწვევს მუდმივ დიარეას და შესაბამისად კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მას გააჩნია დაზიანებები ღვიძლში, და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში ისეთებში როგორიცაა გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში და შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული”, – განაცხადა სმიტმა.

 

მისივე თქმით, მძიმე მეტალები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა, რადგან არც ერთი სამედიცინო მეთოდი არ ითვალისწინებს მძიმე ტოქსიური მედიკამენტებით მკურნალობას. 

 

ამერიკელი ექსპერტის თქმით, საჭირო სამედიცინო ჩარევის გარეშე არსებობს სიკვდილის, ან ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანების, კერძოდ, ინვალიდიზაციის საფრთხე. 

 

ამასთან, როგორც სმიტმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დემენცია მოწამვლის შედეგია.

Advertisement