“დღესასწაულის დღეებში საერთოდ ისვენებენ, დაკეტილი აქვთ სასადილო”

ავტორი
Front News საქართველო
ხმაური იყო ტყიბულში, სადაც უფასო სასადილოს ბენეფიციარების ნაწილმა, კვების ხარისხი და რაციონი გააპროტესტა. სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ პურის გარდა, კვირას, საკვები საერთოდ არ ეძლევათ. სადღესასწაულო დღეებში კი სასადილო დაკეტილია, რის გამოც ისინი ფაქტობრივად მშივრები რჩებიან.
სოციალურად დაუცველების ინფორმაციით, დიდი ხანია ტყიბულის მერსა და სოციალური სამსახურის უფროსს, სასადილოში არსებული პრობლემებით დაინტერესებას სთხოვენ, თუცა მათი მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. ბენეფიციარები აცხადებენ, რომ სასადილო მათი ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ კვებას ყოველდღიურად მოითხოვენ.
"კვირაში კვერცხი, ბულკი, ორჯერ რომ გვეძლეოდა, გვეძლევა ერთხელ. არაა კარგი კერძები და რომ ვიტყოდი, მეჩხუბებოდნენ, შენ ინტრიგანი ხარო. კერძში პარკის პატარა ნაგლეჯი ვნახე, რომ ვთქვი, მითხრეს შენ თვითონ ჩააგდეო. მერე იძულებული გავხდი წამოვსულიყავი და რომ წამოვედი, ასე უთქვამს, ხო გავაგდეო. დღესასწაულის დღეებში საერთოდ ისვენებენ, დაკეტილი აქვთ სასადილო. რომ ვუთხარი მერს ეს პრობლემები, მობრძანდით და გაარკვიეთ-მეთქი, დაგეხმარებიო, მაგრამ არ დაგვეხმარა. ჩვენ არსებობისთვის ვიბრძვით, გვინდა სასადილომ ყოველ დღე იმუშაოს",- აცხადებენ ბენეფიციარები.
ბრალდებებს არ იზარებს სასადილოს წარმომადგენელი. მისი განმარტებით, ისინი არსებული პროტოკოლით მუშაობენ, რაც შეეხება საკვებს, ხარისხიანად მზადდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში 110 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.
თაგები:





