Logo

დიასპორის კომიტეტის სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს

პოლიტიკა
51
Frontnews image description

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა.

"2018 წლიდან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებაზე და განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციურ ამოცანად იქცა. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ დიასპორა საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ დიასპორულ პროგრამებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღესდღეობით საზღვარგარეთ 300-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია, 120 საკვირაო სკოლა, ქართული ენის შემსწავლელი კურსები და 130-მდე ფოლკლორული ანსამბლი ფუნქციონირებს. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ 94 სამრევლო მოქმედებს.

მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დიასპორისა და საკონსულო მიმართულებები გაერთიანდა. მისი თქმით, ეს ცვლილება დიასპორასთან ურთიერთობების უკეთ კოორდინაციას, უფრო მჭიდრო კომუნიკაციასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებთან საერთო ეროვნული ინტერესების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მაკა ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დიასპორული პოლიტიკის სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა.

„დიასპორული პროგრამები საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტებს და ქართული იდენტობის ფუნდამენტურ ფასეულობებს დაეფუძნება: მამულს, ენას და სარწმუნოებას. მამული ეს არის მუდმივი კავშირი სამშობლოსთან. ენა გულისხმობს ქართული ენის სისტემურ სწავლებას და მის შენარჩუნებას უცხოეთში მცხოვრებ ახალ თაობებში და სარწმუნოება უკავშირდება სულიერი და კულტურული იდენტობის დაცვას, ტრადიციების შენარჩუნებას და გადმოცემას. სწორედ ამ სამი ფასეულობის ქვეშ იქნება თავმოყრილი ყველა ის პროგრამა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება ჩვენი დიასპორისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიასპორაში პოლარიზაციის ზრდაზე. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში გარკვეული ძალების მხრიდან გაიზარდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული ქმედებები, რომელშიც დიასპორის წარმომადგენლების გამოყენების მცდელობებიც შეინიშნებოდა. მისივე თქმით, მსგავსი პროცესები ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება და აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე თავად დიასპორის ერთობას.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების წესის გაუქმების გადაწყვეტილებაზე. მისი განმარტებით, არჩევნების სტატისტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობა საერთო ელექტორატის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს და არჩევნების შედეგებზე არსებით გავლენას ვერ ახდენს.

„იმ პირობებში, როდესაც არჩევნებს დიასპორაში მწვავე პოლარიზაციისა და სამშობლოსთან დაპირისპირების მიზნებისთვის იყენებენ და ამასთანავე, მას ფაქტობრივად ნულოვანი გავლენა აქვს არჩევნების შედეგებზე, ბუნებრივია, გადაწყვეტილება საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების წესის გაუქმების შესახებ სრულიად გამართლებულია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიასპორის წარმომადგენლებისთვის არჩევნების პერიოდში საქართველოში ჩამოსვლისა და არჩევნებში მონაწილეობის დამატებითი წამახალისებელი ფაქტორიც იქნება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ აღინიშნა, მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოსთან კავშირის კიდევ უფრო გაძლიერება, ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და სახელმწიფოსა და დიასპორას შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება.

სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები