Logo

დიმიტრი შაშკინი – არანაირი ბერკეტები არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს ვანო მერაბიშვილს, რომ ვინმეს საარჩევნო კამპანია ჩაშალოს

პოლიტიკა
619
Frontnews image description

არანაირი ბერკეტები არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს ვანო მერაბიშვილს, რომ ვინმეს საარჩევნო კამპანია ჩაშალოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

“2020 წელს მე ვიღებდი მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, ვმუშაობდი ქვემო ქართლში, არავის არასოდეს არაფერი მსგავსი არ უთქვამს, რაც მან გუშინ ისაუბრა. ვანო მერაბიშვილი მაშინაც ეხმარებოდა პარტიას, როგორც რიგითი წევრი. არანაირი ბერკეტები არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს ვანო მერაბიშვილს, რომ ვინმეს საარჩევნო კამპანია ჩაშალოს. ნიკა მელია 2020 წელს იყო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუ ასეთი რამ მოხდა, რა უშლიდა ხელს რომ პოლიტსაბჭო მოეწვია და დაეყენებინა ეს საკითხი. მისი უშუალო უფლება და მოვალეობაა. მოეწვია პოლიტსაბჭო და ეთქვა, რომ ვინმე უშლიდა ხელს საარჩევნო კამპანიის განხორციელებაში”, – განაცხადა შაშკინმა.

 

მისივე თქმით, ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს ლევან ვარშალომიძის, ვანო მერაბიშვილისა და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ.

 

“არაერთი მცდელობა უკვე იყო, რომ “ნაცმოძრაობა“ ჩაეგდოთ ხელში ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ, ეს პარტია უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გარეშე და უნდა ეკუთვნოდეთ მათ. ყველა ეს მცდელობა დამთავრდა კრახით. რაც შეეხება ნეგატიურ კამპანიას. როდესაც არის საუბარი “ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე, რაც სამწუხაროდ, უნდა ნიკა მელიას გუნდს, მინდა, ყურადღება მივაქციოთ ერთ ფაქტს. სამი ადამიანი აიყვანეს მიზანში და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნეგატიური კამპანია ამ სამი ადამიანის წინააღმდეგ იყო დაწყებული. პირველი – ლევან ვარშალომიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სტუდენტობის მეგობარია. ადამიანი, რომელმაც მიშასთან ერთად შექმნა ბათუმის სასწაული, ააშენა ბათუმი, შემდეგ ყოველთვის იყო მიშას გვერდით უკრაინაში. მეორე – გენერალი თემურ ჯანაშია, რომელიც 10 წელია, დადის სასამართლო პროცესებზე იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება. „პიჯაკების საქმე“ გრძელდება და გრძელდება, შეიძლება, ეს ადამიანი ხვალაც დაიჭირონ, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული ადამიანი. მესამე – ვანო მერაბიშვილი, რომელიც თითქმის 7 წელი იჯდა ციხეში იმის გამო, რომ არ მისცა მიშაზე ჩვენება. ეს სამი ადამიანი აიყვანეს მიზანში, ურტყამენ და ურტყამენ. მიხეილ სააკაშვილისთვის სამი ყველაზე ახლო ადამიანის წინააღმდეგ მუშაობს მთელი ფრონტი. ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, მაგალითად, როდესაც მე ან სხვა ჩვენი მეგობარი გამოვჩნდებით ტელევიზიაში, მოდის ტროლების და ბოტების იერიში. აქედან 64% არის „პოსტივის“ ბოტები, რომელიც აერთიანებს „პოსტივის“ გაშიარების თემას. დაახლოებით 28-29% არიან „ლელოს“ მხარდამჭერები. ტროლები ჰყავს რამიშვილს, ხოლო “ლელოს“ სახელ-გვარიანი პარტაქტივი უტევს ჩვენ ფეისბუქგვერდებს. ხომ ცნობილი ამბავი იყო, რომ ხაზარაძე შეხვდა მელიას და დაჰპირდა პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენ ტელევიზიით მოვისმინეთ, მე მტკიცებულება არ მაქვს. ნიკა მელიასგან განსხვავებით არ მაქვს უფლება, რომ ბრალი დავდო. მე ხაზს ვუსვამ, რომ ტელევიზიის მეშვეობით იყო გავრცელებული ეს ინფორმაცია“, – განაცხადა შაშკინმა “ტვ პირველის“ ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები