Logo

დიპლომატი კონსტანტინე ჟღენტი "ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" შეუერთდა

პოლიტიკა
85
Frontnews image description

პარტია „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ დიპლომატი კონსტანტინე ჟღენტი შეუერთდა. აღნიშნულ ნაბიჯთან დაკავშირებით მან განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ საერთო ხედვას და რწმენას, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების ერთადერთი გზა − ნეიტრალიტეტია.

კონსტანტინე ჟღენტის განცხადებით, ყველა ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარებისათვის, უპირველესად საჭიროა მისი მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

"მსოფლიოში მომხდარმა ცვლილებებმა გვაჩვენა, რომ ამჟამად და ხილულ მომავალში, არ არსებობს ზე-სახელმწიფო ან საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ან პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ყოვლისმომცველი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამიტომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება და მსოფლიოს წამყვანი თუ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისათვის იმის განმარტება, რომ საქართველო არ აპირებს ურთიერთდაპირისპირებული გაერთიანებების წევრობას და ირჩევს მრავალვექტორული, მშვიდობიანი თანამშრომლობის პოლიტიკას ყველა სახელმწიფოსთან, მიმართულს ჩვენი რეგიონის გარდაქმნისაკენ მსოფლიოს და რეგიონული ძალების ინტერესების დაპირისპირების რეგიონიდან მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის რეგიონად, უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ განვითარებას“ − აღნიშნავს კონსტანტინე ჟღენტი საკუთარ განცხადებაში.

მისი აზრით, ნეიტრალური სტატუსი უფრო მეტად შეუწყობს ხელს, საქართველოს წინაშე მდგარი მთავარი მიზნის − ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიღწევას, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, როგორც აფხაზებთან და ოსებთან, ასევე დაინტერესებულ სახელმწიფოებთან.

კონსტანტინე ჟღენტი ხაზს უსვამს კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობის აუცილებლობას და აცხადებს, რომ პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების უზრუნველყოფაში.

კონსტანტინე ჟღენტს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. ის იკავებდა არაერთ წამყვან პოზიციას სამინისტროში, ხოლო ელჩის რანგში ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში წარმოადგენდა საქართველოს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები