Logo

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, რეკომენდაციების მოსამზადებლად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს

პოლიტიკა
184
Frontnews image description

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, პარლამენტმა კომისიის მუშაობის პარალელურად საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს.

კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის მიზანია, კომპანიამ შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

ბერეკაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი სექტორია და საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.

მისივე თქმით, საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

საპარლამენტო კომისიის წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართოთ ინიციატივით, რომ პარლამენტმა ჩვენი კომისიის პარალელურ რეჟიმში მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, ასე ვთქვათ, პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორზე. მოვიწვიოთ ასეთი კომპანია, რომ პარალელურ რეჟიმში შეისწავლოს ჩვენი სექტორის სტრუქტურა, ბიზნესპროცესები, რა პრობლემები არსებობს, შეადაროს საქართველოს მსგავს ქვეყნებთან, სხვა ქვეყნებთან ბაზრის სტრუქტურა და თავისი რეკომენდაციები დაწეროს. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად გვექნება დოკუმენტი, შესაძლებელია, განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული, რომელიც არსებითად მნიშვნელოვნად დაეხმარება, საბოლოო ჯამში, ჩვენი კომისიის მუშაობას და შედეგზე გასვლას“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის მომდევნო სხდომა პარასკევს, 13 თებერვალს გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები