Logo

ეკა ბესელია - არ მაქვს მოლოდინი, რომ აქ დამთავრდა ეს სია, რადგან ეს დაპირისპირება უფრო ღრმად არის წასული

პოლიტიკა
509
Frontnews image description

არ მაქვს მოლოდინი, რომ აქ დამთავრდა ეს სია, რადგან ეს დაპირისპირება უფრო შორს და ღრმად არის წასული, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ადამიანების სიაც განიხილება, ვისი დაკავებაც შეიძლება იყოს ამ სცენარში გეგმის ნაწილი.

"დროს აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანების დაკავების გადაწყვეტილება როდის არის მიღებული. დაკავება ოპოზიციონერების  და ყოფილი თავდაცვის მინისტრის რომ ერთდროულად მოხდა, ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევა. არ ვიცი ეს ერთგვარი გადაფარვაა ერთი დაკავების მეორით, თუმცა ფაქტია, რომ ეს დაკავებები ერთმანეთთან დააკავშირეს.

მე როგორც ვიცი, სხვა ადამიანების სიაც განიხილება, ვისი დაკავება-დაპატიმრება შეიძლება იყოს ამ სცენარში მათი გეგმის ნაწილში.

როცა თავდაცვის ყოფილ მინისტრს აკავებენ, გამორიცხულია ამის შესახებ ივანიშვილმა არ იცოდეს და კობახიძე იღებდეს გადაწყვეტილებას. ის, რომ კონფლიქტი თუ ძალაუფლების გადანაწილება ასე გრძელდება, ამ ფორმით, ეს უკვე ჩანს სხვადასხვა დაკავების ისტორიაში. რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება და არ მაქვს მოლოდინი, რომ აქ დამთავრდა ეს სია, რადგან ეს დაპირისპირება უფრო შორს და ღრმად არის წასული.

უბრალოდ იცით როგორ ხდება შერჩევა, მოდი ამ დაკავების დროს, ვისი დაკავებით გადავფაროთ, საპირწონეზე თუ ასე უნდა დაიდოს, ერთი ოპოზიციონერი მეორე "ოცნების" რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში.

ნებისმიერი ადამიანს, რომელიც დღეს არის მაღალ თანამდებობაზე "ოცნებაში", ხვალ მათაც კორუფციული ბრალდებით მიადგებიან და არ ვიცი, ვინ შეიძლება არ იყოს, ამ კორუფციულ სისტემურ პროცესში მონაწილე", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

Advertisement