Logo

ეკა ბესელია - მე ყველანაირი განაჩენის გამოცხადებას ველოდები, მაგრამ კანონით მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს

პოლიტიკა
127
Frontnews image description

მე ყველანაირი განაჩენის გამოცხადებას ველოდები, მაგრამ კანონით მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, მოსალოდნელია ყველაზე გამაოგნებელი განაჩენიც.

"ყველაფერს ველოდები. რა საქმე არ მინახავს და ასეთ საქმეებზე განსაკუთრებული პოლიტიზებული მართლმსაჯულების პირობებშიც კი უჭირდათ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. იმდენად ხელოვნურადაა ამ ხალხის ჯგუფი შეკოწიწებული ზვიად ცეცხლაძის და მეორე ჯგუფის, რომელთა განაჩენიც ხვალაა, რომ ერთმანეთთან დააკავშირეს რით - ზვიად ცეცხლაძის ჯგუფს დაარქვეს, რომ ისინი ორგანიზატორები არიან. ზვიად ცეცხლაძემ ვიდეო გამოაქვეყნა, რაც არ არის დანაშაულის მატარებელი, 30 ნოემბერს და ამ ვიდეოს გამო ამბობენ, რომ ის არის ორგანიზატორი. 28 ნოემბერს, ანუ ორი დღით ადრე კი ანდრო ჭიჭინაძეს და სხვებს აკავებენ. როგორ არის ის ორგანიზატორი ანდრო ჭიჭინაძის, როდესაც ის ვიდეო ორი დღით ადრე ვრცელდება, ერთმანეთს კი არ იცნობენ. უფრო მეტიც, უკრაინის ორი მოქალაქეა ამ ჯგუფში და თარჯიმანი მუშაობს ამ პროცესში. ამ ადამიანებს რა ენაზე უხსნიდა ვინმე ორგანიზატორი, თუ რა უნდა გაეკეთებინათ?! ტელეფონები, რომელიც ამოიღეს, აღმოჩნდა, რომ ნაცნობები საერთო არ ჰყავთ, კონტაქტი არ არის. სასამართლო დარბაზებში გაიცნეს ერთმანეთი. ქუჩაში აღმოჩნდნენ ერთად სხვადასხვა დროს. მე ყველანაირი განაჩენის გამოცხადებას ველოდები, მაგრამ კანონით მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება.

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად, რაც  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

Advertisement