ელენე ხოშტარია - თუ ხართ დროებითი მოთავსების იზოლატორში ძალადობრივი გზით გაშიშვლების პრაქტიკის მსხვერპლი, გამოგვეხმაურეთ

ავტორი
Front News საქართველო
ჩემზე ძალადობისთვის სპეციალურად შსს-დან გამოიძახეს პოლიციელი და გაშიშვლების ძალადობრივი ოპერაცია მიმდინარეობდა სატელეფონო კომუნიკაციით გაცემული მითითებებით. ჩემთვის ყველა მონაწილის გვარი ცნობილია. დადგება როგორც შემსრულებლების, ისე დამკვეთ-გადაწყვეტილების მიმღებების პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ე.წ. “ მოსკოვის მექანიზმს” დეტალურად გაეცნო.
"დეტალურად გავეცანი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს:
1. მოცემულია სისხლის სამართლის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი პალიტრა.
2. გარდა სხვადასხვა სიმძიმის ცალკეული დანაშაულებისა, მთავარი ბრალდება “სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დანაშაულია”, რასაც სრულიად სხვა ხარისხში გადაჰყავს ქვეყანა.
3. ეუთომ მოგვცა ბევრი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ რუსულ რეჟიმს.
აქედან გამომდინარე, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში ძალადობრივი გზით გაშიშვლების და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი, ვიწყებ დოკუმენტში მოყვანილი ყველა მექანიზმის გამოყენებას სწორედ ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რომ მსგავსი ძალადობა ჩემს გარდა, ბევრმა ადამიანმა გამოცადა საკუთარ თავზე. დოკუმენტი იძლევა სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმისა და სამართლებრივი პროცედურების გამოყენების საშუალებას.
შეგახსენებთ, 2025 წელს დიღმის იზოლატორში უკან ხელებშეკრული ფიზიკური ძალადობით გამაშიშვლეს. ეს კვალიფიცირდება ღირსების შემლახველ და არასათანადო მოპყრობად, რასაც ეთმობა ცალკე ნაწილი ამ დოკუმენტში.
ბუნებრივია, ჩემი ამოცანაა არა უბრალოდ ჩემს შემთხვევაზე მუშაობა, არამედ ამ პრაქტიკის ყველა სხვა მსხვერპლის ორგანიზება და თითოეული მოძალადის პასუხისგებაში მიცემა.
აქვე, ხაზს ვუსვამ, რომ ჩემზე ძალადობისთვის სპეციალურად შსს-დან გამოიძახეს პოლიციელი და გაშიშვლების ძალადობრივი ოპერაცია მიმდინარეობდა სატელეფონო კომუნიკაციით გაცემული მითითებებით.
ჩემთვის ყველა მონაწილის გვარი ცნობილია. დადგება როგორც შემსრულებლების, ისე დამკვეთ-გადაწყვეტილების მიმღებების პასუხისმგებლობა.
გამოყოფილია ცალკე იურისტი, რომელიც იმუშავებს ამ საქმეებზე. თუ ხართ დროებითი მოთავსების იზოლატორში ძალადობრივი გზით გაშიშვლების პრაქტიკის მსხვერპლი და გსურთ, თქვენი საქმე საერთაშორისო წარმოებაში მიეცეს, გამოგვეხმაურეთ. "დროას" გუნდი ჩართულია პროცესში და დაგიკავშირდებიან", - წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია




