ელენე ხოშტარია – ვერაფრით ვერ ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამამშვიდებელია

ავტორი
Front News საქართველო
აბსოლუტურად დაუშვებელია, ვინმეს მოექცე ისე, როგორც ექცევიან მიხეილ სააკაშვილს, – მის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გორის ჰოსპიტალთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებული არაა.
“მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ და მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე, მე ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა და აგრესია ვინმეს მიმართ. ძალიან თვალნათელია, რომ ამ ადამიანს მიადგა ძალიან სერიოზული ზიანი. ვერაფრით ვერ ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არის დამამშვიდებელი. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ეს არის ჩემი, ამ პროცესში უკვე გამოცდილი ადამიანის შთაბეჭდილება.
პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც აქვს ლეგიტიმური, მათ შორის არმოწონება, არმიღება, ან პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მე არ მგონია, ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძალადობა, ადამიანის უფლებების დარღვევა და ეს აწუხებს წინა მთავრობიდან მოყოლებული, არ მგონია, რომელიმე ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, თუ რა მდგომარეობაშიც ქვეყანა, და ზოგადად, ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს.
შეუძლებელია, ვინმეს სიამოვნება მიგვაროს ადამიანის ისეთმა გათელვამ, რაც ჩვენ ვიხილეთ მიხეილ საკაშვილთან მიმართებაში, ამიტომ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ პრეტენზიები იქნება, პოლიტიკური თუ სამართლებრივი. ამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და აბსოლუტურად დაუშვებელია, ვინმეს მოექცე ისე, როგორც ექცევიან მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრა ბრძოლის მეთოდებსა და ასევე რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე.
ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ის რჩება მიხეილ სააკაშვილისაგან განხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, აგრძელებს მისი უფლებებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას.





