Logo

ექიმის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს

საზოგადოება
631
Frontnews image description

ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ნინო ხარაიშვილმა აქციაზე დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის, თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით.

“21 წლის პაციენტი შემოყვანილია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით, თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით. ამ მომენტისათვის თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე არის შენახული. დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, უარყოფითი დინამიკის გარეშე.

პაციენტი შემოყვანილია დაახლოებით დილის ოთხ საათზე, შესაბამისად დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საოპერაციო ბლოკში. პაციენტი ჰყვება, რომ მას ტრავმა მიღებული ჰქონდა რაღაც ბლაგვი საგნით, თუმცა შემდგომ დაკარგა გონება და დეტალებს ვერ აკონკრეტებს. ძირითადად იყო მიდრეკილი ძილიანობისკენ, მაგრამ იყო კონტაქტური. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ იყო შემოყვანილი. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება მის პოსტრავმულ მდგომარეობას. იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, სტაბილური ჰემოდინამიკით. მართვით სუნთქვაზეა ბუნებრივად, რადგან იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილი.

ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინგოროყვას კლინიკაში 12 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

“მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. აქვთ რბილი ქსოვილების და ძვლოვანი სტრუქტურების მსუბუქი დაზიანებები. ამ ეტაპისთვის ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია“,- აღნიშნა ექიმმა.

Advertisement