“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტის წევრის სტატუსით ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე უარს ამბობენ

ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტის წევრის სტატუსით უარს ამბობენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე, რადგან აცხადებენ, რომ “არ წარმოადგენენ არალეგიტიმურ პარლამენტს”.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”, რომ წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტს წევრებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც მომავალში არ ვაპირებთ ე.წ. პარლამენტში მუშაობას, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის ღალატობს კონსტიტუციურ პრინციპებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასოდეს წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ამას გავაკეთებთ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რადგან ჩვენ არ ვართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
ირაკლი ხვადაგიანის განცხადებით, “თვითგამოცხადებულ არალეგიტიმურ რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი”.
“ის ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცნაირად შთაბეჭდილება შექმნას, რომ თითქოს ეს მოპარული და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინლად გაყალბებული და კარიკატურად ქცეული არჩევნები აქციოს ისე, რომ ეს იყო ქართველი ხალხის ნება და შესაბამისად, არავინ არ ვაპირებთ, რომ ლეგიტიმურად წარმოაჩინოს ეს დე ფაქტო ხელისუფლება. ჩვენ სექტემბერში ყველა კანდიდატს უკვე ჩაბარებული გვაქვს ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია და არავისთვის არაფერი დასამალი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა
გია ჯაფარიძის განცხადებით, არ ცნობს ამ პარლამენტის უფლებამოსილებას, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მასობრივად და ტოტალურად გაყალბებული.
“პირველ რიგში მინდა დავიწყო, რომ სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი – უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და ხელახალი არჩევნები. ჩემთვის უცხო ნომრიდან მივიღე ზარი, თავი წარადგინეს, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა და მითხრეს, რომ დეკლარაცია მაქვს შესავსები, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს. მე მაქვს დაწერილი განცხადება მანდატის დატოვების შესახებ, არაერთხელ მითქვამს და საყოველთაოდ ცნობილია ჩემი პოზიცია, რომ არ ვცნობ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მასობრივად და ტოტალურად გაყალბებული”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




