“ეს არის კრიზისის განმუხტვის შემცირების შესაძლებლობა, რასაც გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს”

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდი შეთანხმების დოკუმენტზე ხელს მოაწერს.
როგორც ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ეს შეთანხმება ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვისა და შემცირების შესაძლებლობაა.
"მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მსურს გახარიას გუნდის პოზიცია დავაფიქსირო: ფაქტია, რომ პოლიტიკოსების ორივე მხარის უპასუხისმგებლო ქმედებებმა სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს, აქედან უდანაკარგო გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა პირდაპირ ქვეყნის შიდა პროცესებში, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. ჩვენი მოქალაქეები ისეთი მასშტაბური პრობლემების წინაშე დგანან, როგორიცაა ყოველდღიური შემოსავლისთვის და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია.
ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ ამ დოკუმენტს. ხელმოწერასთან ერთად ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე", – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
თაგები:





