Logo

“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემს გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ”

საზოგადოება
349
Frontnews image description

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის . ამის შესახებ მუხთარლი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს მე მივიღე გრძელი პასუხი საქართველოს პროკურატურისგან ჩემს მოთხოვნაზე.

მე ვითხოვე ჩასვლა საქართველოში და ქართველი გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემა, სადაც ნაჩვენები უნდა ყოფილიყო მარშრუტი, რომლითაც აზერბაიჯანში ჩამომიყვანეს. როგორც მსხვერპლს, მე მაქვს ამის უფლება, ეს პროცედურული წესია. ციხეში ყოფნისას საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს საბაბად ჰქონდათ, რომ აზერბაიჯანმა არ მისცა მათ ჩემი დაკითხვის შესაძლებლობა. 

დაახლოებით ერთი წელია, თავისუფალი ვარ და ამ დროს საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ჩემს საქართველოში ვიზიტს. ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ჩემი ვიზიტი მოემსახურებოდა პოლიტიკური დაპირისპირების დამყარებას. არჩევნები დასრულდა, რა არის შემდეგი საბაბი?

თუ საქართველოს ხელისუფლება არ იყო თანამონაწილე ჩემი გატაცების საქმეში, მათ ხელი არ უნდა შეეშალათ სათანადო გამოძიებისთვის თბილისში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ. სხვათა შორის, ჩემმა ადვოკატებმა უკვე გაგზავნეს ჩემი საჩივარი საქართველოში ვიზიტის აღკვეთის შესახებ ევროსასამართლოში", – წერს ავფგან მუხთარლი.

მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ. 

თაგები:

Advertisement