Logo

კალასი - განხილულ ზომებს შორისაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სანქციები, საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას ექნება თავისი ფასი

პოლიტიკა
294
Frontnews image description

ამ დრომდე ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდოდა ზიანი მიგვეყენებინა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოზე დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და ვითარება სულ უფრო მწვავდება. დღეს მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და სხვადასხვა ვარიანტი - რას შეიძლება კიდევ ვაკეთებდეთ. განხილულ ზომებს შორისაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ასოცირების შეთანხმების გათიშვა და სანქციები. საქართველოს დემოკრატიის უკუსვლას ექნება თავისი ფასი.

რაც შეეხება წერილს, როგორც იცით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გვაქვს 2017 წლიდან, ეს არის დიდი სარგებელი, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს. შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ არ შეასრულა და ეს რეკომენდაციები მოცემულია ვიზალიბერალიზაციის შეფასების მეშვიდე ანგარიშში. თითოეულ მათგანს ახლა აქ არ წავიკითხავ, მაგრამ მაგალითისთვის, ხაზი რომ გავუსვათ ერთ-ერთს – საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის ასოციაციის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, უფლება, მიიღო მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია და ასეთი აქ რვა არის. თუ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობას აქვს მიცემული ვადა აგვისტოს ბოლომდე, მაშინ ისმის კითხვა, შემდეგ რა რეაგირება გვექნება, თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება? და მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ოპოზიციის რვა ლიდერიდან შვიდი დაპატიმრებულია, ეს ნამდვილად არ არის თანხვედრაში იმ პუნქტთან, რომელიც ახლახან მაგალითად მოვიყვანე.

ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ  არ გვინდოდა ზიანი მიგვეყენებინა ქართველი ხალხისთვის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მათ პირდაპირ შეეხებათ. ამასთან ერთად, ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ეს სარგებელი და ბონუსი, რომელსაც ამ ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც პირობებს არ ასრულებს, მაშინ ასევე ამას ექნება შედეგი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას და არ უდგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სერიოზულად“, – განაცხადა კაია კალასმა.

Advertisement