ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი “ვივამედსა” და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი აქვეყნებს ანგარიშს კლინიკა “ვივამედის” დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები სამედიცინო მომსახურებას იღებენ.
ანგარიშის მიხედვით, “ვივამედი” პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან “საბოლოო სიტყვა არა ექიმებზე, არამედ პენიტენციურ სისტემაზეა”.
დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები, თუმცა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დოკუმენტში, ის მოხსენიებულია როგორც პაციენტი ს. კომიტეტის შეფასებით, კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
“ბატონი ს.-ის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს წვდომა მთელ რიგ სამედიცინო სპეციალისტებთან და მკურნალობასთან, ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარე ვარჯიშის ნაკლებობა და კამერებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არის მჩაგვრელი, დამამცირებელი და არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე ანგარიშში წერია, რომ პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. გარდა ამისა, წამების კომიტეტი კლინიკა “ვივამედში” მკაცრი რეჟიმის პალატების ფუნქციონირების წესის რეკომენდაციას გასცემს. მასში ნათქვამია, რომ დელეგაციის დასკვნები ადასტურებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული არადამოუკიდებლობის მუდმივ პრობლემას. ამიტომ, კომიტეტი მიიჩნევს, რომ დიდი ხნის დაგეგმილი ციხის ჯანდაცვის პასუხისმგებლობების გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროსთვის აუცილებელი და დროულია.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი