გალიფ ოზთურქს ბრალდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი.
სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და თავისუფლების ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ პროკურატურაში.
