“გამოსავალია შეცვლილი და მომზადებული კანონმდებლობა, რომ 2022-ში ჩაინიშნოს რიგგარეშე, ახალი არჩევნები”


ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება.
მამუკა ხაზარაძემ ასევე ისაუბრა რიგგარეშე არჩევნებზე და განაცხადა, რომ თუ კანონმდებლობა იქნება მომზადებული და 2022-ში ჩატარდება ახალი არჩევნები, მაშინ ხვალვე შევა პარლამენტში, მისი თქმით, ეს დაასრულებს პოსტ საბჭოთა 30-წლიან მენტალობას.
"ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მე პირადად პატივს ვცემ, ეს არის ერთად-ერთი ინსტრუმენტი მის ხელში, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ჩვენ პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს. ეს ადამიანი მიდის რისკზე, შესაძლოა, დაიჭირონ და ამით კიდევ ერთხელ აფხიზლებს საზოგადოებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საქმეებია შეკერილი. შესაბამისად, როცა შერიგებაზე ვლაპარაკობთ, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების და პოლიტიკური საქმეების შეწყვეტა, თუ გვინდა განვითარების კალაპოტში ჩაჯდეს ქვეყანა. თუ ეს არ მოხდება, ქვეყანაში გაგრძელდება ადამიანებით/მძევლებით „ვაჭრობა". ნიკა მელია კანონს არღვევს თუ არა ეს მისი არჩევანია, პროტესტის ფორმა, როგორც ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, არა იმიტომ, რომ პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას პატივს არ ვცემ – არა! მე არ მინდა შევიდე გაყალბებულ პარლამენტში, რომ მეც ამ გაყალბების ნაწილი არ გავხდე.
ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომ გზის გასაყარზე ვდგავართ. 4 წელი კიდევ გვინდა თუ არა ქვეყნის რყევაში ვიყოთ ყველა ერთად ჩართულები, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რადგან როცა გადაწყვეტილებას არ იღებ მაშინ გემი, უბრალოდ მიდის კაპიტნის გარეშე და რას დავეჯახებით არავინ იცის.
რა ინსტრუმენტი გამაჩნია მე? სულ ისმის ეს კითხვა რა გააჩნია ოპოზიციას. სიმტკიცე, მოთმინება და ამ ბოიკოტის მიერ ერთიანობა. თუ ამაში საზოგადოება გვერდში დაგვიდგება და მიხვდება, რომ ეს არის გამოსავალი, ყველამ ერთად, საზოგადოებამ, ამომრჩეველმა, ვაჯობოთ იმ ადამიანებს ვინც წაგვართვა ხმები. რაც ნიშნავს, რომ დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, ახალი ხმებით რომელიც ამ ქვეყანაში დაასრულებს პოსტ საბჭოთა, 30 წლიან მენტალობას, არჩევნებთან დაკავშირებით.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამარჯვებული პარტიის ლიდერი, რომლის გამოც "ოცნებამ" მიიღო ის ხმები რაც მიიღო და ის ტოვებს პარტიას, ამ დროს ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ახალი არჩევნები ინიშნება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 50 პროცენტი ამომრჩეველი ლიდერს აძლევს ხმას, შემდეგ გუნდს და შემდეგ პროგრამას. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი წავიდა პოლიტიკური სცენიდან, დაგვიტოვა გაყალბებული არჩევნები და გაყალბებული პარლამენტი.
გამოსავალია შეცვლილი და მომზადებული კანონმდებლობა, რომ 2022-ში ჩაინიშნოს რიგგარეშე, ახალი არჩევნები. ჩვენ გამოსავლის გზებზე უნდა ვისაუბროთ", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
