განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.
უწყების ცნობით, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით.
2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.
განათლების მინისტრის გივი მინქანაძის განცხადებით, სამინისტროს მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.





