Logo

გეკა გელაძე - შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი, გავრცელებული ბრალდება არის სრული აბსურდი, სიცრუე

პოლიტიკა
418
Frontnews image description

მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი, -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან გამოყენებული.

"გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, სიმართლეს არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება, რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაეცემა კითხვებს პასუხი. ბატონი ვახტანგი გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის "კამიტი". ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მხრიდან, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში.  აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან გამოყენებული’’,  - განაცხადა გეკა გელაძემ.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. 

BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები