Logo

გელა ვასაძე – ვფიქრობ, არ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ნატო-მ ომი დაიწყოს რუსეთის წინააღმდეგ

პოლიტიკა
16.11.2022 / 16:26
Frontnews image description

ვფიქრობ, არ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ნატომ  ომი დაიწყოს  რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ Front News-ს “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის – GSAC-ის“ ექსპერტმა გელა ვასაძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, პოლონეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. 

 

“რა ჩამოვარდა პოლონეთში, ეს ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, ეს იყო რუსეთის რაკეტა, თუ  რუსეთის განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები. არსებობს აზრიც, რომ ჩამოვარდა უკრაინის რაკეტა.   ეს გაირკვევა,  თუ ეს რაკეტა შემთხვევით ჩამოვარდა, მაშინ ნატოს წესდების მე-4 და მე-5 მუხლი არ ამოქმედდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ომსა და მის შედეგებზე პასუხისმგებელია რუსეთი.

 

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ნატო-მ დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და შეიარაღება უკრაინას რომ გაეზრდება, ეს ფაქტია.  მეტი შეიარაღება, მეტი პოლიტიკური სანქციები, ეს იქნება შედეგი. 
რაც შეეხება პოლონეთს, პოლონელებმა ძალიან კარგად იციან და გათვითცნობიერებულები არიან, რომ ეს ომი არის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპული ცივილიზაციის წინააღმდეგ და ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას“, – განაცხადა ვასაძემ.  

 

რაც შეეხება უკრაინას, ვასაძის თქმით, ის მხოლოდ სრულ გამარჯვებაზეა ორიენტირებული. 

 

“გუშინ უკრაინაზე განხორციელებული ბარბაროსული შეტევა იყო პასუხი იმ წინადადებაზე, რომელიც “დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააჟღერა, რაც გულისხმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას, ჯარის გაყვანასა და  რეპარაციების გადაცემას,  რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება  სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ლაპარაკი. 

 

რაც შეეხება ყირიმის საკითხს, ყირიმი არის უკრაინა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გულისხმობს ყირიმს უკრაინის შემადგენლობაში. სხვა ვერსიები, ყირიმის დროებითი სტატუსის შესახებ,  არის რუსული ფეიკინფორმაციები. დათმობაზე დღეს არავინ წავა არც უკრაინა და არც დასავლეთი“, – განაცხადა ვასაძემ. 

 

გუშინ, გვიან ღამით პოლონეთის საზღვარზე ორი რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Advertisement