Logo

“გელათის წმინდა გიორგის ეკლესიის დროებითი გადახურვების მოწყობის ვადის კორექტირება უამინდობამ განაპირობა”

საზოგადოება
668
Frontnews image description

გელათის წმინდა გიორგის ეკლესიის დროებითი გადახურვის სამუშაოები, ამ დრომდე არ დასრულებულა, – ამის შესახებ ა/ო "ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

"ხანგრძლივი დროის მანძილზე, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად სააგენტომ დროებითი გადახურვის გადაწყვეტილება ახლახანს მიიღო და სამუშაოების დასრულების ვადად 18 თებერვალი იყო განსაზღვრული. როგორც ძირითად ტაძარში, ასევე წმინდა გიორგის ეკლესიაში მხატვრობის მდგომარეობის სრული სურათის დადგენის მიზნით, ამ დრომდე არანაირი სამუშაო არ წარმოებს. 

შეუსწავლელია, 19 იანვრის ღამით სახურავის დაზიანების გამო, დასავლეთის მკლავზე ნალექის ზემოქნედების შედეგად ფრესკების სავარაუდოდ დამძიმებული მდგომარეობაც"- აღნიშნულია განცხადებაში. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე დროებითი გადახურვების მოწყობის ვადის კორექტირებას უამინდობით ხსნის. 

როგორც ბარამიძემ Front news_copy International-ს განუცხადა, ამ დროისთვის ეკლესიაზე უკვე დასრულებულია 2 მკლავის (დასავლეთის და სამხრეთის), ოთხივე მკლავთაშორისი სივრცის და 2 აბსიდის გადახურვის სამუშაოები.

"საპარლამენტო კომიტეტის მიერ დადგენილი რეკომენდაციების, დარგის სპეციალიტების მოთხოვნის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ რევიზიის ფარგლებში განსაზღვრული დამატებითი დაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით,  წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაზე სრულდება დროებითი გადახურვის სეგმენტური ფენილების მოწყობა. სააგენტოს ადმინისტრირებისა და ზედამხედველობის ქვეშ, დამცავი სახურავისა და წყალშემკრები სისტემის მოწყობის პროცესი მიმდინარე კვირის პარასკევს დასრულდება (ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის გათვალისწინებით). დროებითი გადახურვის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება წყალგადამყვანი სისტემა, რომლის საშუალებით ნალექი მიწის ნიშნულზე მოწყობილ სანიაღვრე არხებში გადავა და აერიდება ნაგებობის ფასადს.  ამ დროისთვის ეკლესიაზე უკვე დასრულებულია  2 მკლავის (დასავლეთის და სამხრეთის), ოთხივე მკლავთაშორისი სივრცის და 2 აბსიდის გადახურვის სამუშაოები. სრულდება დარჩენილ ფართობებზე ხის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები. 

დროებითი გადახურვების მოწყობის ვადის კორექტირება განაპირობა უამინდობამ, რაც განსაზღვრული დროის ინტერვალში რამდენიმედღიან (10 სამუშაო დღე)  წვიმებსა და თოვლში აისახა. შრომითი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით კი, დაუშვებელი იყო უამინდობაში სამუშაოების განხორციელება. აქვე გაცნობებთ, რომ დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოების ვადის გახანგრძლივების მიუხედავად, წმ. გიორგის ტაძარში არ დაფიქსირებულა ნალექის ჩადინება, რამდენადაც ინტერიერში არსებული ხარაჩოს მეშვეობით, სააგენტოს ინსპექციის სამსახურის სპეციალისტის მიერ მუდმივად ხორციელდება  ზედამხედველობა", – განაცხადა ბარამიძემ.

თაგები:

Advertisement