Logo

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

Frontnews image description

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

აეროპორტიდან გენერლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები