ოთო აბესაძე - როცა "ოცნება" ამბობს, რომ ამერიკა და ევროკავშირი პანაცეა არაა, ხოლო ამის ალტერნატივა ჩინეთი და აზიაა, ორივე მათგანს მხოლოდ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის გამო ვჭირდებით


ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გადახედვას არ გამორიცხავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაიყინოს, ხოლო ვიზალიბერალიზაცია კი უკან იქნეს გაწვეული.
ხელისუფლება კი ამბობს, რომ ოპოზიციას ხელოვნური აჟიოტაჟი აქვს ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით შექმნილი, სინამდვილე კი სხვაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ეს კრიზისი არ შეიმჩნევა, თუმცა სანქციების შემთხვევაში ეს უკვე შემოდგომაზე გარდაუვალი იქნება. ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ეკონომისტი ოთო აბესაძე საუბრობს.
- ერთ კვირაში წარმომადგენლობით პალატაში თუ გავა "მეგობარი აქტი“ და სანქციები იქნება, ამერიკიდანაც, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც და დიდი ბრიტანეთიდანაც, რა სახის ზიანს მიიღებს ქვეყანა? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვის შესახებ გაკეთებული განცხადება რეალობად იქცევა და ევროკავშირი მას გააჩერებს?
- როცა „ოცნება“ ლაპარაკობს, რომ ამერიკა და ევროკავშირი პანაცეა არაა, ხოლო ამის ალტერნატივა ჩინეთი და აზიაა, ყველამ კარგად გაიაზროს ერთი რამ, ორივე მათგანს მხოლოდ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის გამო ვჭირდებით. ჩინეთს ძალიან კარგი და იდეალური ვაჭრობა აქვს რუსეთთან. ამას იდეალურად დღემდე აგრძელებს. ჩვენ ერთადერთი რამის გამო ვჭირდებით ჩინეთს, რათა ჩვენით ევროკავშირში ტრანსფერი განახორციელოს.
ევროკავშირის გარეშე საქართველო ჩიხია. ანუ უფუნქციო და სტერილურია. კარგად გაიხსენეთ პრემიერ ბახტაძის ამბავი, როცა დიდი ზარ-ზეიმით ჩინური „ჩერის“ ავტომობილების გიგანტის ქარხნის მშენებლობა დაანონსდა და ქუთაისში კაფუსლა ჩააგდეს. ეს პროექტი არ აშენდა იმიტომ რომ, ევროკავშირმა ჩინური ტრანსფერის მიღებაზე უარი თქვა. იგივე ხდება ახლაც, არანაირი ჩინური პორტი არ აშენდება, საქართველოში ერთი ჩინური ლარიც კი არ შემოვა თუ საქართველო ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობებს არ დაალაგებს.
- ანუ ევროკავშირთან მიღწეულმა შეთანხმებებმა ქვეყანას პოლიტიკური უპირატესობები მოუტანა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირთან დამაკავშირებელ მთავარ სახელმწიფოდ იქცა. ევროკავშირთა დაახლოებამ ჩვენს ქვეყანას ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთვისაც მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა და ამ როლს გამოდის მაშინვე დაკარგავს თუკი ევროკავშირი ამ მძიმე სანქციებს დაგვიწესებს?
- რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ვაჭრობისთვის მათთვის მარტივი სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსფერი ვართ ევროკავშირში ვაჭრობისთვის. სხვა შემთხვევაში, ჩვენი 3 მილიონ ნახევრიანი ბაზარი არაფერში არ აინტერესებთ. ჩვენი გავლით რუსეთთან ან თურქეთთან ვაჭრობისთვის არ ვჭირდებით. ისინი ჩვენს გარეშეც პირდაპირ ვაჭრობენ. ჩინეთი რუსეთთან საზღვრით, ხოლო ირანი-სირიით თურქეთთან აწარმოებენ ვაჭრობას. ამიტომ საერთოდ არ ვჭირდებით არაფერში ევროკავშირის გარეშე. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირის კეთილგანწყობა. წარმოუდგენელია მათ გარეშე ჩვენი განვითარება.
თუ ევროკავშირმა ეს მუქარა რეალურად შეასრულა, სანქციების სახით, უვიზო მიმოსვლა, მიიღეს "მეგობარი აქტი“ და ა.შ. საქართველო ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდება. ეს მოხდება იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირიდან ფული არ შემოვა, იქიდან ფული ისედაც არ შემოდიოდა, იმიტომ რომ, ჩინური ფულის მიღების პერსპექტივა დაიკარგება.
თუმცა არსებობს ძალიან დიდი შანსი რომ მსოფლიო მასშტაბის ბრენდებმა საქართველოში ლოჯისტიკური ჰაბი გახსნან თუ შენ მისცემ ევროკავშირთან (DCFTA-ის) საშუალებას. ამით არის საქართველო ახლა მათთვის ბრჭყვიალა და მიმზიდველი. მეტსაც გეტყვით, „ალი ექსპრესის“ და „ალიბაბას“, მინიმუმ 25-ჰექტარიანი საწყობის აშენება შეუძლია ქუთაისში. ეს ყველაფერი ამ წამს მოლაპარაკების საგანია, რომელსაც ასევე მეც ვესწრებოდი. თუ აქ დასაწყობებული ინვენტარი და საქონელი ევროკავშირში გავა.
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო. კერძოდ 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი და თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 9.0 პროცენტს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა. რა არის მიზეზი რის გამოც ასეთი ზრდა გვქონდა, როგორ წაადგა ეს ჩვენს ქვეყანას და აისახა თუ არა ჩვენს მოსახლეობაზე?
- ეს ნარატივიც ტყუილია და არ ყოფილა ეკონომიკის ზრდა. არის ორი დეფინიცია, ზრდა და რაღაცის ზრდის ტემპი. ამიტომ ქვეყანაში ზრდის ტემპი გქონდა და არა ზრდა. ახლა ავხსნი და გავაგებინოთ მოსახლეობას რა არის ზრდის ტემპი. ვთქვათ მე დღეს თქვენ 100 ლარი მოგეცით, ხვალ კი 200 ლარი. ზეგ 400 და მას ზეგ 800. შემდეგ კი 1600 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი შემოსავლის ყოველდღიური ზრდის ტემპი 100%-ია. ანუ შემოსავლის ზრდის ტემპით ილონ მასკზე მდიდარი ხარ, მაგრამ ჯამში 3500 ლარი გაქვს ხელში და არა 300 მილიარდი, როგორც პირობითად მასკს აქვს. ეს არის ზრდა და ზრდის ტემპი. საქართველო ზრდის ტემპით არის წინ, მაგრამ რისი ზრდის ტემპია, ესაა აქ მთავარი. შალვა პაპუაშვილმა ხომ თქვა, რომ ჩვენ ევროკავშირზე მეტი ზრდის ტემპი გვაქვსო.
ჩვენი იყო სამი მილიარდის 10%, ხოლო იმათი იყო 25 ტრილიონის 1%. არ არის ამათ შორის განსხვავება. ჩვენ რეალური ეკონომიკური ზრდა არ გვქონია. ჩვენ გვაქვს ინერციული ზრდა. ეს ინერციული ზრდა არის არსებული ეკონომიკური დოვლათით შექმნილი, რომელიც გინდა-არ გინდა ეკონომიკის დაუწერელი წესია. რა განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, ეს არის საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 72% ემიგრანტების გადმორიცხულია. 22% ეს არის არსებული უცხოური ინვესტიციის რეინვესტირება, ხოლო 6%-ია ახალი ეკონომიკური ფული. ანუ რამ შექმნა ახალი ეკონომიკა თუ საქართველოში ახალი ფული არ შემოვიდა? საქართველოში ბიზნესმენები სოკოებივით ამოვიდნენ, ფული შემოიტანეს, თუ რა მოხდა? საქართველოში ბოლო 7 წელი არ შემოსულა მსხვილი ბრენდი, რომელიც აქ დიდ ფულს ჩადებდა. ჩვენ გვაქვს ინერციული ეკონომიკა, რომელიც ამ წამს თვითდინებით მიდის. თუმცა უნიკალური შანსი გვაქვს, რომ მართლა აზიური ფული მივიღოთ. ჩვენ კი არა მთელი მსოფლიო ამაზე ნადირობს. გერმანიაც და სხვა ევროპული ქვეყნებიც ნადირობენ იმაზე, რომ ქვეყანაში ჩინური ინვესტიცია მიიღონ.
- "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარაა. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ბიზნესმენის და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სიიდან გაქრობა, როცა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მისი ქონება 6.8 მლრდ აშშ დოლარი იყო და მსოფლიოს მილიარდერს შორის 418-ე ადგილს იკავებდა. ბევრი ფიქრობს, რომ მან ფული უბრალოდ გადამალა, ბევრმაც თქვა, რომ მან სანქციების შედეგად ფულის ნაწილი დაკარგა. რეალობას რომელი ფაქტი შესაძლოა, შეესაბამებოდეს?
- ბიზნესმენის სანქცირება პირადი კუთხით ეს უბრალოდ საკუთარი თავის მოტყუებაა. ბიზნესმენის დასანქცირება პერსონალური ანგარიშებით ეს არის ტყუილი. მე ვერ ვხედავ ვერანაირი ხელშემხებ, რეალურ ფაქტორს დასავლეთიდან ივანიშვილის მიმართ. თუ არ ჩავთვლით ივანიშვილის სამოგზაურო შეზღუდვას, რომელიც მას არც ადარდებს, რადგან არსად არ დადის. საერთოდ არ მოგზაურობს და ეს სანქციები ვერანაირ დისკომფორტს ვერ უქმნის. მეორე საუბარი იმაზე, რომ მისი ქონება აღარ ჩანს და ვითომ გაკოტრდა და მსგავსი სისულელე, კომიკურია. ივანიშვილმა ლეგალური ფონდებიდან, საიდანაც ფულის აღრიცხვა ხდება, სხვაგან წამოიღო. დამთავრდა, აღარ არის მისი ფული დათვლად აქციებში, ამიტომ ვერც Bloomberg და ვერც საჯარო ეპისტოლური ორგანოები მის ფულს ვეღარ დაითვლიან. ამის გაკეთება ყველა მილიარდერს შეუძლია. თქვენც რომ იყოთ ასეთი მდიდარი და არ გინდათ თქვენი ფული Bloomberg-მა ითვალოს, არ დაითვლიან. მილიარდერების რა სიაც არსებობს ორი იმდენია რეალურად, რომელიც არ ჩანს და დამალულები არიან. სად არის სანქცია, რომელია სანქცია? სავიზო შეზღუდვა სერიოზული სანქცია არ არის, რომელიც ივანიშვილს დააზიანებს.
- რა სახის სანქცია იქნება ყველაზე მძიმე ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, რომ დასავლეთიდან წნეხი რეალურად იქნეს აღქმული?
- დღეს საქართველო ჩაბმულია თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ნაწილში. ჩვენ შემთხვევაში სამი ძირითადი ფაქტორია. პირველი ეს არის SWIFT, საიდანაც ფინანსური ტრანსფერების მიღება ხდება. მეორე ეს არის (DCFTA), ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ხოლო მესამე ეს არის უვიზო მიმოსვლა. ეს უვიზო მიმოსვლაც DCFTA-ის გამო მოგვცეს, რომ ხალხს ამ სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში თავისუფლად ევლო. ეს სამი პლატფორმა საქართველოსთან მიმართებაში თუ გაჩერდა, ხოლო ჩინური ფული, რომელიც შემოვა SWIFT-ის მეშვეობით არ გავიდა ქვეყნიდან, ვის რა ჯანდაბად ვჭირდებით?! საბოლოო ჯამში, ერთის მხრივ უნიკალური მოცემულობა გვაქვს, რომ მთელი მსოფლიოსთვის საოცნებო არაბული და ჩინური ფული მივიღოთ. მეორეს მხრივ კი ამ ყველაფერს დასავლეთთან არაჯანსაღი პოლიტიკური დამოკიდებულებების გამო იდიოტურად ვფლანგავთ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ოთო აბესაძე