Logo

შემოსავლების სამსახურმა "ბათუმელების" ანგარიშებს ინკასო დაადო

სამართალი
259
Frontnews image description

"ბათუმელები" წერს, რომ გამოცემას შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო, რის ოფიციალურ მიზეზად დავალიანება სახელდება.

გამოცემაში აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯის უკან დგას სურვილი, რომ მედია ორგანიზაციამ საქმიანობა შეაჩეროს და ამავდროულად, განხორციელდეს ზეწოლა უკანონოდ დაკავებულ მზია ამაღლობელზე.

"პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი გვაქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადავიხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც "ბათუმელები" წერს, ამ დროისთვის მათი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ 47 000 ლარია, ასევეა საურავი 126 000 ლარის ოდენობით და ჯარიმა, რომელიც 109 000 ლარს შეადგენს, თუმცა აღნიშნულ დავალიანებას ყოველთვიურად იხდიდნენ.

მათივე ცნობით, "ბათუმელებმა", საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიმართა, რათა შეეთავაზებინათ გრაფიკი ვალის გადასახდელად, რაზეც უარი მიიღეს, 17 ივლისს კი მათ ინკასო დაადეს.

"დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედია ორგანიზაციის გასანადგურებლად.

ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი", - წერს "ბათუმელები".

Advertisement