"17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან"

ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"17 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.
17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან; ასევე განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება.
ამასთან, რუსეთი აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
აღნიშნული ქმედებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-2024 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.
საქართველო განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.
საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვა.
საქართველო აფასებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და მათ ჩართულობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს“, – აღნიშნულა განცხადებაში.
თაგები:
აგვისტოს ომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს