გია ხუხაშვილი - დასავლეთის ქმედებებზე კომენტარის გაკეთება არ არის საკმარისი, საჭიროა, პოლიტიკოსებმა მოახდინონ პროტესტის კაპიტალიზაცია


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთს, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროპა, შეუძლია შექმნას ისეთი ვითარება, რომ შეიცვალოს შიდა პოლიტიკა, მაგრამ მთავარი საქმე მაინც ქვეყნის შიგნით არის გასაკეთებელი, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ.
“თავისთავად აბსურდია იმაზე საუბარი, რაც არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, ბუნებრივად შეუძლებელია არსებობდეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რაც კალაძემ თქვა. კიდევ უფრო სკანდალურია კალაძის განცხადება, რომ ყველა შეხვედრის ჩანაწერი, იქნება ეს დიპლომატებთან თუ უცხოელ სტუმრებთან, გროვდებოდა და შესაძლოა, გასაჯაროვდეს. მსგავსი განცხადება ყოვლად წარმოუდგენელია.
ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრები არ აღიარებენ არანაირ თამაშის წესებს. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არიან ყველაფერზე წასასვლელად. ისინი არ იცავენ არავითარ ნორმას არც ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებულს და არც არაცივილიზებულში. მაგალითად, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პუტინის რეჟიმი, ის არ იტყვის, რომ ქვეყნებს შორის დახურულ კარს მიღმა მომხდარ კომუნიკაციას გაასაჯაროებს.
მტკიცებულებები ბუნებრივია არ არსებობს და არაერთხელ ითქვა, რომ აბსურდია ლაპარაკი იმაზე, თითქოს ვინმე მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა, ამას ყოველგვარი ლოგიკა აკლია.
ამ ჯგუფს სხვა თამაში არ აქვს, აგრძელებენ ამ რიტორიკას და ფსონები ყოველდღიურად იზრდება. დანარჩენი ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე. ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: დასავლეთს, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროპა, შეუძლია შექმნას ისეთი ვითარება, რომ შეიცვალოს შიდა პოლიტიკა, მაგრამ მთავარი საქმე მაინც ქვეყნის შიგნით არის გასაკეთებელი.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პოლიტიკური კლასი არ უნდა იქცეს მხოლოდ კომენტატორებად - დასავლეთის ქმედებებზე კომენტარის გაკეთება არ არის საკმარისი. საჭიროა, მათ მოახდინონ პროტესტის კაპიტალიზაცია, რომელიც დღეს საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, სავარაუდოდ, პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება — განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე. თუმცა, ნებისმიერ საპროტესტო მოძრაობას სჭირდება სარდლობა. პოლიტიკურმა ელიტამ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს კონკრეტული პროცესები, რადგან ჯერჯერობით არაფერი დაუწყიათ", - განაცხადა ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი – ევტუშენკოვთან ივანიშვილის საუბარი სანქციებისთვის რომ არ არის საკმარისი, რატომ უნდა ვიტყუოთ თავი?

გია ხუხაშვილი – ამ კაცს თვითონ არ უნდა გადადგომა, თვითონ ეპოტინება თანამდებობას, არ ჩანს მის საუბარში?

გია ხუხაშვილი – ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც შეიძლება პოლიტიკური საკითხები იხილებოდეს