Logo

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება აწარმოებს კრიმინალურ გარჩევას, ფაქტობრივად, ტოტალური კრიმინალიზაცია მოხდა ხელისუფლების

პოლიტიკა
245
Frontnews image description

სავარაუდოდ, ხელისუფლება რიჟვაძესთან აწარმოებს ქურდულ გარჩევას, - მის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები ტრაგიზმით და კრიმინალით არის სავსე.

"სისტემა, რომელსაც აშენებს ხელისუფალი, ერთგვარი ურჩხულია და ურჩხული რაც უფრო იზრდება, მეტი საკვები სჭირდება და როდესაც საკვების დეფიციტი აქვს, იწყებს საკუთარი სხეულის ჭამას - ამ პროცესს ვაკვირდებით - ტრაგიზმითა და კრიმინალით აღსავსეს.

ჩვენ პრობლემას ობიექტურად უნდა შევხედოთ - მოკლეს თუ თავს იკლავდა, ორივე შემთხვევაში ბრალდებული, ეჭვმიტანილი არის ხელისუფალი. ერთადერთი, რასაც ის ასეთ მძიმე შედეგამდე შეეძლო რომ მიეყვანა, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პრეტენზიების წაყენება. ხელისუფლება აწარმოებს კრიმინალურ გარჩევას, ფაქტობრივად, ტოტალური კრიმინალიზაცია მოხდა ხელისუფლების. ქურდები რომ "გაწეწვას" უპირებდნენ ვინმეს - "ვალები გაქვს, ბიჭო, და მოიტანე" - დაახლოებით ეს ისტორიაა. სავარაუდოდ, ხელისუფლება რიჟვაძესთან აწარმოებს ქურდულ გარჩევას", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში 7 ივლისს შეიყვანეს. ის ამ დროისთვის სამკურნალოდ თურქეთშია გადაყვანილი.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

Advertisement