Logo

გია ვოლსკი – ეს გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც უკრაინაში საკვანძო ადგილებს იკავებენ და “ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი არიან

პოლიტიკა
31.03.2022 / 16:31
Frontnews image description

ისეთი გულუბრყვილოც არ ვართ, დავიჯეროთ, უკრაინის ელჩი მხოლოდ იმის გამო გაიწვიეს, რომ თურმე იარაღი და სამხედრო მხარდაჭერა ვერ მიიღო საქართველოსგან, მაროკოსგან, ეს მაშინ, როცა შეიძლება, პრეტენზია უამრავი ქვეყნის მიმართ ჰქონდეს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებას.

 

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ელჩის გაწვევა ხელისუფლებასთან ერთად, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის შეურაცხყოფაა.

 

“ვფიქრობდი, ვფიქრობ და სავარაუდოდ, მომავალშიც ვერ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი არიან. რაც შეეხება ელჩის გაწვევის დემარშს, ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფაა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და არასდროს უკან არ დაიხევს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, გააგრძელოს ჰუმანიტარული დახმარება და უკრაინელი მოქალაქეების მოვლა-პატრონობა საქართველოში.

 

“არის კიდევ ერთი საკითხი, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაუმ და ასევე კონგრესმენების ნაწილმა ჰელსინკის საბჭოსთან ერთად თქვა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს იმ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, რომელიც მან გაუწია და უწევს უკრაინას ამ მძიმე დროს. რაც შეეხება ომში მყოფ პრეზიდენტს, ზუსტად ომში მყოფ პრეზიდენტს არ უნდა უპასუხო გარკვეული ქმედებით. შეიძლება, მე განცხადება გავაკეთო ხისტიც, მაგრამ რეალურად, ჩვენ ომში მყოფ არა პრეზიდენტს, არამედ უკრაინელ ხალხს უნდა დავუჭიროთ მხარი, გავაგრძელოთ ჰუმანიტარული დახმარება, მათი მოქალაქეების მოვლა-პატრონობა საქართველოში. უნდა გავაგრძელოთ ის მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო მიყვებოდა. ამას გააკეთებს კიდეც, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი ან ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არის არა მოკავშირე, არამედ შემადგენელი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები