გიგა ბოკერია – ნუ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი, მოატყუოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს სწორად აკეთებს


ავტორი
Front News საქართველო
ბზარი კი არა, ესაა ღია დაპირისპირება, სალომე ზურაბიშვილი ნუ ცდილობს „ქართული ოცნების“ სინდისის რეცხვას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართულ -უკრაინული ურთიერთობებთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნება“ შეურაცხყოფას აყენებს უკრაინის ხელისუფლებას, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მარიონეტებად აცხადებს.
“პრეზიდენტი ზურაბიშვილის ამ ფორმულირებას, რომ ბზარი განჩდა, რომელიც გულისხმობს რომ ტოლფასი პრობლემაა ორივე მხარეს, – ერთმა მხარემაც და მეორემაც ბზარი გააჩინეს, პრინციპულად არ ვეთანხმები. სწორი აღწერაა, რომ ჩვენ გვყავს სამარცხვინო რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე, სამარცხვინო პოზიციით საერთაშორისო ასპარეზზე და სრულიად უზნეო პოლიტიკით უკრაინის ხელისუფლების მიმართ. შეგახსენებთ, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც უკრაინელი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება მონათლა, მისთვის, ანუ „ქართული ოცნებისთვის“ საძულველი ოპონენტების მარიონეტებად. კობახიძემ ეს თქვა სიტყვა-სიტყვით. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს „ოცნების“ მხრიდან, როდესაც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, რომელსაც უწოდებს კრიმინალებს და ნაცისტებს, მართულები ხართო. ეს რომ აბსურდია, სხვა საქმეა, მაგრამ ეს ბზარი კი არა, დაპირისპირებაა“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნახევარი სიმართლის თქმის დანერგვას ცდილობს.
“სალომე ზურაბიშვილი ნახევარი სიმართლეების დანერგვას ცდილობს. საერთაშორისო ასპარეზზე გამოსავლისას „სინდისს რეცხავს“ „ქართულ ოცნებას“. ნუ ცდილობს, მოატყუოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს სწორად აკეთებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია