Logo

გიგა ინაშვილი - ევროპული სამხედრო რესურსებიდან ახლა, რაშიც უკრაინას დახმარება სჭირდება, რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა

უკრაინაინტერვიუ
4 საათის წინ / 11:29
123
Frontnews image description

იმ ფონზე, როდესაც მთელი ყურადღება 15 მაისს სტამბოლში შეხვედრაზეა მიმართული, ზელენსკის მოთხოვნა, რომ 12 მაისიდან 30 დღის განმავლობაში ცეცხლი შეწყვეტილიყო, რუსეთის მხრიდან არ შესრულდა. 10 მაისს საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში 12 მაისიდან ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით უნდა ამოქმედებულიყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა. რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე, ვის მხარეს არის საბრძოლო ინიციატივა და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში სამხედრო შეიარაღების ექსპერტი გიგა ინაშვილი საუბრობს.

- რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე, ვის მხარეს არის უპირატესობა და ახერხებს თუ არა რუსეთი რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას?

- საბრძოლო მოქმედებების ერთიან თეატრში ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შედარებით დაქვეითებულია. დინამიკა მეტ-ნაკლებად ნარჩუნდება, თუმცა ინტენსივობა დაქვეითებულია. პრაქტიკულად ორივე მხარე გადასულია ერთმანეთის სახმელეთო, საბრძოლო საშუალებების და მხარდამჭერი რესურსის გამოხშირვაზე, საბრძოლო დრონების გამოყენებით. არტილერიის კუთხით, საბრძოლო მასალის ის დეფიციტი, რომელიც ორივე მხარეს იყო და არის, დაკომპენსირებულია სხვადასხვა ტიპის დრონებით, რომელიც მილიონობით გამოიყენება. განსაკუთრებით ეს არის ტაქტიკურ სიღრმეებში მოქმედი იაფიანი მარტივი დრონები. ფაქტობრივად ეს არის ის საშუალება, დრონების და სხვადასხვა საბრძოლო მასალის არასაშტატო ჰიბრიდების სახით, რაც ნებისმიერი ტიპის სახმელეთო ძალებს სწრაფი წარმატების მიღწევას უზღუდავს. ის, რომ რომელიმე მხარემ ოპერატიული დონის გარღვევით, სწრაფი სახმელეთო ოპერაცია ჩაატაროს, ამის შანსები მინიმალურია, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. 

განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები, სადაც შედარებით, დიდი ძალებია  მობილიზებული და ეს არის აღმოსავლეთის მიმართულება, დონეცკი-პოკროვსკის მიმართულება. ასევე მეორე აქტიური მიმართულებაა ჩრდილოეთით, სუმის ოლქი. რუსეთის მხრიდან კი კურსკის მიმართულება. კურსკიდან უკრაინული ძალები გამოსულია. მხოლოდ საზღვართან ახლოს, გარკვეული ძალები მცირე ტერიტორიებს ინარჩუნებენ. ძირითადი ნაწილი მთლიანად გამოსულია. მთელი ეს პერიოდი ისინი თავდაცვითი ოპერაციაზე იყვნენ გადასულები. ვინაიდან კურსკში დაგროვილი რუსული დაჯგუფება, რომელმაც კურსკიდან უკრაინული ძალები გამოდევნა, შემტევ დაჯგუფებად ფორმირდებოდა. იყო მცდელობა, რომ აქედან რაღაცა რუსული შეტევა მომხდარიყო. ამაზე სირსკიმაც ისაუბრა რამდენიმე დღის წინ, რომ მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა იმისთვის, რათა აქ მობილიზებული რუსული დაჯგუფება შეტევაზე ვერ გადასულიყო. უკრაინელებმა დრონების მასიური გამოყენებით, რუსების დაჯგუფების შემტევ პოტენციალს დიდი ზიანი მიაყენეს. დაჯგუფება დაახლოებით 60 000-კაციანი იყო და ჯავშანტექნიკის და არტილერიის განადგურების კუთხით დიდი დანაკარგი განიცადეს. რუსებს აქვთ რესურსი, რომ დაიცვან კურსკის ოლქი, მაგრამ სუმის მიმართულებაზე რაღაცა შეტევა წამოიწყონ, ამის შანსები დაქვეითებულია.

- ორივე მხრიდან ძირითადი რესურსი ფრონტის ხაზზე რაში იდება, გამოდის, რომ უკრაინაც და რუსეთიც ფაქტობრივად თავდაცვით პოზიციაზე იმყოფებიან...

- ძირითადი რესურსი სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე რესურსების პრევენციულ განადგურებაში იდება. აქ საუბარია  სამხედრო ეკონომიკური რესურსების პრევენციულ განადგურებაზე. ეს ხდება შორ მანძილზე მოქმედი დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით. რუსეთი დრონებს, ფრთოსან და  ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს. უკრაინა კი უმეტესად საკუთარი წარმოების მარტივი კონსტრუქციის, თუმცა ეფექტურ დრონებს და ჰიბრიდულ ფრთოსან რაკეტებს. უკრაინელების მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენება იშვიათად ხდება, ძირითადი აქცენტი აქვთ, დრონების და ფრთოსანი რაკეტების ჰიბრიდულ სისტემაზე. ეს არის უმეტესად დაბალ ტექნოლოგიური ფრთოსანი რაკეტები, როგორებიცაა „პალიანიცა“, პეკლო“, „რუტა“, „ბარსი“ და სხვა, რომელსაც ავტონომიურ რეჟიმში უშვებენ და სტრატეგიული მნიშვნელობის რუსული სამხედრო ეკონომიკური რესურსის გამოსაფიტად იყენებენ.  ესენია მაგალითად სამხედრო ქარხნები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალებს აწარმოებენ.

- ახლა რუსეთი ძირითადად საბრძოლო შეიარაღებას თუ მის დეტალებს რომელი ქვეყნისგან იღებს? ჩინეთი ამტკიცებს, რომ ისინი რუსებს არ ეხმარებიან, მაგრამ ეს ქვეყანაც არის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კრემლის დახმარებაში.

- რუსეთს ახლა სამი ძირითადი მიმწოდებელი ჰყავს. ეს არის ირანი, რომელიც ძირითადად რუსებს დრონების კუთხით ეხმარებოდა და ეს ხდებოდა საწყის ეტაპზე, როდესაც ირანიდან მზა „შაჰიდის“ ტიპის დრონები ჩადიოდა. შემდეგში ამ ირანული შორ მანძილზე მოქმედი  დრონების ლოკალური წარმოება დაიწყო თავად რუსეთმა, "გერან-2“ ის დასახელებით. ამ ეტაპზე მხოლოდ რაღაცა გარკვეული კომპონენტები შესაძლოა, ირანიდან შედიოდეს, რომელიც დრონების საწარმოებად არის საჭირო. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთი უფრო მსხვილი მიმწოდებელია სამხედრო რესურსის და ძირითადად ეს არის შეიარაღების მაკომპლექტებელი ნაწილები. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ რუსეთი, რომელიც ტაქტიკურ და ოპერატიული დონის დრონებს და რაკეტებს აწარმოებს, მათი მაკომპლექტებელი ნაწილები, განსაკუთრებით მიკროჩიპები, გადატვირთვის  სენსორები, ინერციული ნავიგაციის ბლოკები, რაც დიდი დრონებისთვის და ფრთოსან თუ ბალისტიკური რაკეტებისთვის გამოიყენება, ძირითადად ჩინეთიდან ჩადის. თავად მზა საბრძოლო მასალას რაც შეეხება, ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობით მაინცდამაინც აღარ ჩანს, თუმცა სხვადასხვა ტიპის საარტილერიო ჭურვები, რეაქტიული არტილერიის რაკეტები, ნაღმსატყორცნი ნაღმები რუსებს ჩინეთიდანაც მიეწოდათ და ბრძოლის ველზეც დაფიქსირდა. საბრძოლო მასალების კუთხით, ბევრად უფრო მსხვილი მიმწოდებელია ჩრდილო კორეა. ამ ქვეყანამ ამ ეტაპამდე სახმელეთო და საზღვაო გზით რუსეთს რამდენიმე მილიონი საარტილერიო ჭურვი და რაკეტა მიაწოდა. როგორც საბჭოთა 122 და 152 მმ კალიბრის ჭურვები, ისევე საკუთარი წარმოების 120 ერთეული 170 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხები "კოქსანი“ და ასევე 120 ერთეული 240 მმ-იანი M1991 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები საკუთარი საბრძოლო მასალით. მათი გარკვეული რაოდენობა უკრაინელებმა უკვე გაანადგურეს კიდეც. უფრო სერიოზული შეიარაღების კუთხით მიწოდებულია KN-23 და KN-24 ტიპის ოპერატიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები, რომელიც რუსებმა არაერთხელ გამოიყენეს.

- კიევში მყოფი ევროპელი ლიდერებისგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო დაპირება, რომ ევროპა შეიარაღებას გაზრდის და უფრო მეტ დახმარებას გამოუყოფენ. რა სახის დახმარება ესაჭიროება ახლა უკრაინას ფრონტის ხაზზე და შეიტანს თუ არა ეს გარდატეხას საბრძოლო მოქმედებებში?

- ევროპული სამხედრო რესურსებიდან ახლა, რაშიც უკრაინას დახმარება სჭირდება, რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა. განსაკუთრებით შეგვიძლია რამდენიმე გამოვყოთ. ეს ძირითადად არის NАТО-ს სტანდარტის 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები და ასევე საბჭოთა სტანდარტის 152 მმ და 122 მმ „გრადის“ ჭურვები, რომელიც პოლონეთში, ბულგარეთში და ჩეხეთში იწარმოება. ასევე ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინას შეიძლება მიაწოდონ ზუსტი დამიზნების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტებც. როგორიცაა მაგალითად HIMARS ის სისტემისთვის GMLRS რაკეტები. ამ რაკეტების დიდ მარაგს ევროპის თავდაცვისუნარიანობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მათი სხვადასხვა კონფიგურაციების წარმოება უკვე დაჩქარებულ ტემპებში იწყება. ასევე დრონებისთვის საჭირო მაკომპლექტებელი დეტალები, როგორებიცაა ნავიგაციის და დამიზნების სისტემები. ასევე მცირე გაბარიტული ძრავები ფრთოსანი რაკეტებისთვის.

ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ხდება უკრაინული 155 მმ „ბოგდანას“ ტიპის საარტილერიო დანადგარის საწარმოებელი კომპონენტების მათ შორის ლულების მიწოდება. კიდევ ერთი მიმართულება საჰაერო თავდაცვა. დღემდე ამ კუთხით უკრაინა ძირითადად აშშ-დან მიღებულ სამხედრო დახმარებაზე იყო დამოკიდებული. ამ დახმარებაზეა დიდწილად დამოკიდებული ფრონტის ხაზის შენარჩუნება - არ შენარჩუნების საკითხი უკრაინისთვის. აქ განსაკუთრებით საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებზე, რომელთა ხარჯი დრონების და სხვადასხვა რაკეტების აქტიურად გამოყენების გამო დიდია. 

რუსული ავიაცია თუ მკვეთრად გააქტიურდება საზენიტო რაკეტების მარაგების გახარჯვა მოიმატებს, ამიტომ რუსული საჰაერო ძალების მუშაობის მაქსიმალურად შესაზღუდად საჭიროა დიდი რაოდენობის საზენიტო რაკეტები. აქამდე მეტ-ნაკლებად ამის მიწოდება ნორმალური რაოდენობით ხდებოდა და იმედია ისევ გაგრძელდება. თუ არადა უკრაინის შეიარაღებული ძალები სერიოზული დანაკარგების წინაშე დადგებიან. საზენიტო რაკეტების კუთხით მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან საფრანგეთი და გერმანიაც SAMP T და IRIS T ტიპის სისტემებისთვის. მნიშვნელოვანია ასევე საავიაციო საბრძოლო მასალების მსხვილი პარტიების მიწოდება, როგორებიცაა ფრანგული და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები SCAPL EG და Storm Shadow, ასევე პერსპექტივაში TAURUS-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გერმანიიდან. პირველი ორი ტიპის რაკეტა უკრაინის საჰაერო ძალებში საბჭოთა SU-24 ტიპის ბომბდამშენებზეა ინტეგრირებული და აქამდე საკმაოდ ეფექტურად იყენებდნენ რუსების ოპერატიულ ზურგში. 

უკრაინის საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებული საბჭოთა და დასავლური გამანადგურებლებისთვის მიგ-29, სუ-27, F-16, Mirage-2000, რომლებიც მრავალფუნქციური დანიშნულებით გამოიყენება მნიშვნელოვანია ჰაერი-ჰაერი კლასის საავიაციო რაკეტების და სახმელეთო ობიექტების დასაბომბად ზუსტი დამიზნების JDAM ბომბების მიწოდება. 

საერთო ჯამში ტექნიკური საჭიროებების სია უდიდესია, თუმცა ევროპული ეკონომიკისთვის მოგვარებადი, თუკი სამხედრო მრეწველობაში საკმარისი ფინანსები ჩაიდება და წარმოების ორგანიზება-მენეჯმენტი საომარი სიტუაციის შესაბამისი იქნება.

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები