Logo

გიგა ინაშვილი – რუსულ ჯარს კიდევ უფრო ემატება დეზორგანიზაცია, უმეტეს ადგილებში შეტევა შეწყვიტეს და თავდაცვაზე არიან გადასულები

უკრაინა
1380
Frontnews image description

რუსულ ჯარს კიდევ უფრო ემატება დეზორგანიზაცია,  ამიტომაც უმეტეს ადგილებში შეტევა შეწყვიტეს და უკვე თავდაცვაზე არიან გადასულები, – ამის შესახებ  Front News-ს სამხედრო ექსპერტმა გიგა ინაშვილმა განუცხადა. 

 

მისივე განმარტებით, უკრაინული ძალები შეტევაზე გადადიან.  

 

“თითქმის ყველა მიმართულებაზე რუსული ნაწილების გადაადგილება შეჩერებულია, მათ შორის კიევის და რამდენიმე  სხვა მიმართულებით. 

 

სამხრეთით,  ხერსონის მიმართულებით  შეტევაზე გადავიდნენ  უკრაინელი ნაწილები. მათი ტექნიკაც და ცოცხალი ძალა გადავიდა შეტევაზე,  არტილერიით მოხდა მასობრივი დარტყმები. 

 

ასევე,  გუშინ უკრაინულმა არტილერიამ დაარტყა  ხერსონთან ერთ-ერთ აეროდრომს, რომელიც რუსებს ჰქონდათ დაკავებული და ათზე მეტი ვერტმფრენი გაანადგურა“, – განაცხადა ინაშვილმა. 

 

მისი თქმით, რუსულ ჯარებს ცოცხალის ძალის სერიოზული დეფიციტი აქვს, ამიტომაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც საოკუპაციო შენაერთები გაყავთ. 

 

“რუსულ ჯარს კიდევ უფრო ემატება დეზორგანიზაცია.  ამიტომაც უმეტეს ადგილებში შეტევა შეწყვიტეს და უკვე თავდაცვაზე არიან გადასულები. ძალების დეფიციტი აქვთ ძალიან სერიოზული, რეზერვისტებით და რაღაც მეათეხარისხოვანი დანაყოფებით ცდილობენ  შევსებას, რაც საბრძოლო მოქმედებებში ნაკლებად გამოსადეგია. 

 

რაც შეეხება მოხალისეებს, სირიელებს მათ მოხალისეებს ვერ დაარქმევ, ესენი არიან დაქირავებული მებრძოლები.  

 

ახლა ცხინვალიდანაც წაიყვანეს ოსები, აფხაზეთიდანაც, თავიანთი  სამხედრო ბაზებიდან გარკვეული ქვედანაყოფები გაყავთ, რომლის ამსახველი ვიდეო კადრებს თავად ავრცელებენ“, – განაცხადა ინაშვილმა. 

 

მისივე განმარტებით, რუსული ძალების მცდელობა, ოდესაში განახორციელონ დესანტის გადასხმა, წარუმატებელი იქნება. 

 

“ოდესის მიმართულებით არის მოსალოდნელი,  რომ ზღვიდან დესანტი გადასვან, თუმცა არანაირი შანსი არ არსებობს ამ დესანტის წარმატების, განადგურებული იქნება გადასხმისთანავე. შესაძლებელია, რომ ეს ხომალდები ნაპირთან მისვლამდე ჩაძირონ“,  – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.

თაგები:

უკრაინა
Advertisement