Logo

გიგა წულეისკირი - მოგიწოდებთ, ჩაერთოთ პროცესში და ერთად შევიმუშაოთ "სფერო ინვესტის" ქონების რეალიზაციის ფორმატი

Frontnews image description

მე ჩემ თავზე ვიღებ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომ "სფერო ინვესტმა" უზრუნველყოს მომხმარებლების დაკმაყოფილება და მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ პროცესში და ერთად შევიმუშაოთ "სფერო ინვესტის" ქონების რეალიზაციის ფორმატი, - ამის შესახებ "სფერო ინვესტის" საქმეზე დაზარალებულად ცნობილი მოქალაქეებისდმი გიგა წულეისკირის მიმართვაშია აღნიშნული.

წულეისკირის თქმით, აქტივების განკარგვით კომპანიას წინმსწრებით შეუძლია მომხმარებლების გასტუმრება - კომპანიის ქონების რეალიზაციის ან/და მომხმარებლებისთვის უძრავი ქონების გადაფორმების გზით, მომხმარებლების მიერ დაბანდებული ფულის სანაცვლოდ.

"თქვენთვის ცნობილია, რომ დაკავების დღიდან ვითხოვ 2-თვიან ვადას "სფერო ინვესტთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად. მიუხედავად ამისა, არ მომეცა ეს შესაძლებლობა და "სფერო ინვესტსაც“ ხელოვნურად შეზღუდული აქვს ქონების განკარგვის შესაძლებლობა, მთელი მისი ქონების დაყადაღების გამო. სისხლის სამართლის საქმეზე კი, სრულდება გამოძიება და საქმე განსახილველად გადაეცემა სასამართლოს. საქმის განხილვა სასამართლოში გარკვეულ დროს მოითხოვს - გაგრძელდება რამდენიმე თვე, ხოლო შემდგომ, ამას შეიძლება მოჰყვეს რომელიმე უკმაყოფილო მხარის მიერ განაჩენის გასაჩივრება სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, რაც ერთობლიობაში დაახლოებით 2 წელს მოიცავს.

"სფერო ინვესტის“ მომხმარებლების დაკმაყოფილება ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რისთვისაც გადავწყვიტეთ კომპანიის მთელი ქონების გაყიდვა, რაც გარკვეულ პროცედურულ თანხმობას მოითხოვს პროკურატურისა და სასამართლოსაგან. იმავდროულად, მე ჩემ თავზე ვიღებ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომ „სფერო ინვესტმა“ უზრუნველყოს მომხმარებლების დაკმაყოფილება და მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ პროცესში და ერთად შევიმუშაოთ "სფერო ინვესტის" ქონების რეალიზაციის ფორმატი. დარწმუნებული ვარ, ქონების დროული რეალიზაცია შედის თქვენ ინტერესებში, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომლებმაც საჯაროდ განაცხადა, რომ არ სურთ ინვესტირებული ფულის დაბრუნება და მათი ინტერესი ჩვენი დასჯაა.

"სფერო ინვესტი“ პირველი ქართული საინვესტიციო კომპანიაა, რომელმაც შეძლო ბაზარზე ოპერირება საბანკო სესხის გარეშე, თქვენი თანამონაწილეობით და კაპიტალდაბანდებით. ფინანსური სირთულე, რაც შეიქმნა ბოლო პერიოდი, ხელოვნურია და არ წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს. დღესაც, ბანკები, მევახშეები და გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ებრძვიან და სურთ კომპანიის გაკოტრება. "სფერო ინვესტს" გაუქმებული აქვს საბანკო ანგარიშები 2025 წლის ივნისის თვიდან, ყოველგვარი არგუმენტაციის და საფუძვლის გარეშე, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, რათა კომპანიამ ვერ შეძლოს მომხმარებლების მომსახურება. მიუხედავად ხელოვნურად შექმნილი პრობლემებისა, კომპანიამ შეძლო 67 მილიონი ლარის ღირებულების აქტივის შექმნა, ხოლო ჯამური ვალდებულება შეადგენს 27 მილიონ ლარს; აქტივების განკარგვით კომპანიას წინმსწრებით შეუძლია მომხმარებლების გასტუმრება - კომპანიის ქონების რეალიზაციის ან/და მომხმარებლებისთვის უძრავი ქონების გადაფორმების გზით, მომხმარებლების მიერ დაბანდებული ფულის სანაცვლოდ...

გთხოვთ, გამოყოთ თქვენი წარმომადგენლები, რომელთანაც შევჯერდებით ოპტიმალურ გამოსავალზე და ქონების რეალიზაციის ფორმაზე.

ველი თქვენ გამოხმაურებას!" - აღნიშნულია მიმართვაში.

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი გასული წლის 10 ნოემბერს დააკავეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები