გიგი გიგიაძე - ეს არის ზედმიწევნით კარგად ასახული რეალობა, ევროკავშირმა კი საბოლოოდ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა

ავტორი
Front News საქართველო
დიპლომატ გიგი გიგიაძის შეფასებით, ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების პაკეტში საქართველოს მიმართ გამოტანილი ვერდიქტი ისტორიულად ყველაზე მწვავე და უარყოფითი ანგარიშია ბრიუსელის შეფასებებში და მიიჩნევს, რომ ეს არის უაღრესად ზუსტი და რეალისტური სურათი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ხოლო "ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სრულად განადგურდა. გიგიაძის თქმით, მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, ევროკავშირი კარს არ უხურავს ქართველ ხალხს, თუმცა "ოცნებისთვის“ ეს გზა ფიზიკურად დახურულია.
- ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების პაკეტში საქართველოს შეფასება ძალიან მწვავეა და ქართული მხარე მას უსამართლოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, სადაც საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე და ინტეგრაციის შეჩერებაზე. თქვენი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა სახის ურთიერთობაზე გადავიდა ახლა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან, რას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე ასეთი მწვავე შეფასება?
- ეს არის ყველაზე ცუდი ანგარიში, რომელიც ევროკავშირის ისტორიაში არსებობს საკუთარ პარტნიორებთან ურთიერთობის. ეს არის ყველაზე ნეგატიური ანგარიში, რომელიც ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა. იმ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკულს ნამდვილად ველოდით, მართლაც წარმოუდგენლად მძიმე აღმოჩნდა. ეს არის ფაქტობრივად ევროკავშირის მხრიდან მკაფიოდ დანახული სურათი იმისა, თუ რა ხდება საქართველოში. ეს არის ზედმიწევნით კარგად ასახული რეალობა დღევანდელ ჩვენს ქვეყანაში. ევროკავშირმა კი საბოლოოდ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ეს მდგომარეობა თვითმარქვია ხელისუფლებამ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. ძალიან კარგია, რომ ამ ანგარიშში არ მოხდა თვალის დახუჭვა არცერთი ნიუანსის და დეტალის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ეს ანგარიში დეტალურად აღწერს იმ სფეროს, რომელშიც კატასტროფული უკუსვლა გვაქვს. აქ პირდაპირ იდენტიფიცირება ხდება, თუ ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე და ეს არის პარტია „ქართული ოცნება“. ვფიქრობ, მსგავსი ანგარიში, რომელიც რომელიმე კანდიდატი ქვეყნის მიმართ კი არა, საერთოდ ევროკავშირისგან მსოფლიოში რომელიმე ქვეყნის მისამართით გაკეთებულა, უპრეცედენტოა.
- ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მოვისმინეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება. როგორ გაიგეთ ეს განცხადება? რამე იმედის საფუძველს იძლევა?
- ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელიც ბოლომდე ხიდებს არ წვავს. ეს არ არის ორგანიზაცია, რომელიც კონფრონტაციის თუ აგრესიისკენაა მიმართული. ასევე, ევროკავშირს არ სურს ქვეყნებთან მაქსიმალურად კონტაქტების გაწყვეტა. ევროკავშირი არ არის „ქართული ოცნება“; ევროპული ფასეულობები სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც რუსული ტოტალიტარიზმი წარმოადგენს. ეს წინადადება ქართველი ხალხის საყურადღებოდ არის ჩაბეჭდილი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი კარს საქართველოს და ქართველ ხალხს არ უკეტავს. არ უკეტავს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ერთი წელია, უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე. ამ ადამიანებს ევროკავშირი კარს ღიას უტოვებს. მე მიმაჩნია, რომ „ოცნების“ პირობებში ფიზიკურად არანაირი მინიმალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს. „ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი და დაბრუნების წერტილი გადაკვეთა. საქართველო ევროკავშირთან ამ ხელისუფლების პირობებში ვეღარ მიაღწევს.
- თუმცა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მთავარი საფრთხე ეკონომიკური სანქციები კი არ არის, არამედ პოლიტიკური ზეწოლა. თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს პოლიტიკური კურსის შეცვლას, რა რეალური ბერკეტები რჩება ევროკავშირის ხელში, გარდა დოკუმენტების ფორმალური შეფასებებისა და ევროპარლამენტის დებატებისა, რომელსაც შეუძლია ეს კურსი შეცვალოს?
- რა თქმა უნდა, ევროკავშირს ინსტრუმენტები გააჩნია. ეს არის სანქციების მექანიზმი და სხვადასხვა ხერხი. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ქვეყნების გამო კონსენსუსი ვერ ხერხდება. თუმცა, ამის მრავალი შესაძლებლობა ევროკავშირს გააჩნია. ნებისმიერი სახის დაახლოება ახლა ამ ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას ევროპულ გზაზე გაუძღვება. ეს არ არის ის ძალა, რომელიც საქართველოს ევროკავშირამდე მიიყვანს.
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, საქართველო აგრძელებს მუშაობას 2030 წლისთვის წევრობის მისაღწევად. თუმცა პარალელურად ისმის საუბარი იმაზე, რომ 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციის დონეზე აქვს გაწერილი, შესაძლოა ამოიღონ. ამისთვის რიგგარეშე არჩევნებიც კი დაინიშნოს. რატომ კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლება მეორე მხრივ, საზოგადოებაში ამ აზრის დატესტვას ცდილობს და მოხარულები იქნებიან, თუ კონსტიტუციიდან ამ მუხლს ამოიღებენ. ისინი ნებისმიერი ხერხით შეეცდებიან, რომ ეს მუხლი ამოიღონ. თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ მუხლის არსებობის პირობებშიც კი, საქართველოს კონსტიტუციას გადააბიჯეს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის საქართველო დაეშორებინათ. ესეც პიარული ნაბიჯია, რადგან ის მაინც არ ითვალისწინებს ხელისუფლება და 4 ნოემბრის ანგარიში მივიღეთ. ფაქტობრივად, ეს არის წარმოუდგენელი უკუსვლა. ამაზე საუბარი კიდევ ერთხელ ყურადღების გადატანაა. უკვე კონსტიტუციას რამდენიმეჯერ გადაუარეს და არა მხოლოდ 78-ე პუნქტს.
- ამერიკასთან ურთიერთობაზეც მინდა გკითხოთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ორპალატიანი წერილი გაუგზავნეს, რომელიც რამდენიმე კონგრესმენის და სენატორის ხელმოწერით არის დამოწმებული. საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები რუბიოსგან მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეაგირებას, რომელიც მათ ყოფილ თანამშრომლებს დევნის და ანტიამერიკულ პოლიტიკას აწარმოებს. რა მოლოდინი გაქვთ ამერიკასთან დაკავშირებით?
- ეს არის ძალიან კარგი წერილი. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლება ვერ ახერხებს ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას. ეს ამ ხელისუფლებამაც კარგად იცის, თუმცა ქმნიან იმის ილუზიას, თითქოს შესაძლებელი იყოს ამ ურთიერთობის დალაგება. რასაკვირველია, ჩვენ ველოდებით ამერიკაში „მეგობარი აქტის“ მიღებას და სხვა იმ პროცესებს, რაც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ დაიძვრება, ხოლო „ოცნების“ გზავნილები, თითქოს მოახერხებენ რამის დალაგებას, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილია.
- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორობას, „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ მხარდაჭერას და ეკონომიკური კავშირების ზრდას (მათ შორის შუა დერეფნის განვითარების კუთხით). როგორ აღიქმება ეს დინამიკა დასავლელ პარტნიორებში, განსაკუთრებით ევროკავშირის ანგარიშის ფონზე, და როგორ უნდა მოხდეს ამ ბალანსის შენარჩუნება?
- შუა დერეფანი საინტერესოა ევროპისთვის და ევროკავშირისთვის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი პარტნიორები ნდობით სარგებლობენ, ამ შემთხვევაში საქართველოზეა საუბარი. როდესაც საქართველოში ნდობით აღჭურვილი პარტნიორი „ოცნების“ სახით არ ეყოლებათ, ეს დერეფანი ჩვენთვის იმ მნიშვნელობას დაკარგავს, როგორიც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთსაც ამ კონტექსტში სჭირდება საქართველო და ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, ურთიერთობა ვერც მასთან აეწყობა.
- პროკურატურამ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ "საბოტაჟისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების“ მუხლებით, მათ შორის აშშ-ის სენატორების წერილის ფონზე, რომელიც ანტიამერიკული რიტორიკის ზრდას ეხება. რამდენად წარმოადგენს ეს ნაბიჯები დამატებით რისკს საქართველოს რეპუტაციისთვის და რამდენად ახდენს გავლენას აშშ-ის ადმინისტრაციის და საერთოდ დასავლეთის პოლიტიკაზე?
- ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კლასიკური დიქტატურა მყარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმარქვია ხელისუფლება აღარ მალავს, რომ პოლიტიკური ოპონენტების ციხეში მაქსიმალურად დიდ ხანს გაჩერებას ცდილობს. მსგავსი მდგომარეობა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში და ბელარუსშია. ზუსტად ამას ვადევნებთ ახლა თვალს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიგი გიგიაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


