Logo

გიგი გიგიაძე - ვენის კონვენციის ნაცვალგების პრინციპით პასუხი იქნება იგივე, რასაც ეს ხელისუფლება ჩაიდენს

ინტერვიუ
347
Frontnews image description

საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ დიპლომატებს შორის რიტორიკა სულ უფრო მწვავდება, რაც სტრატეგიული პარტნიორობის გაუარესების აშკარა ნიშნებზე მიუთითებს. კრიტიკული განცხადებები და საპასუხო დიპლომატიური ნაბიჯები, როგორიცაა საქართველოს რწმუნებულის დაბარება ლონდონში, ცხადყოფს, რომ ურთიერთობები კრიტიკულ ფაზაში შედის. Front News-თან ინტერვიუში დიპლომატი გიგი გიგიაძე  განიხილავს ამ დაძაბულობის მიზეზებს, შესაძლო შედეგებს და იმ დიპლომატიურ საფრთხეებს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და დასავლურ ინტეგრაციას ემუქრება. 

- ბატონო გიგი, ხელისუფლების მხრიდან დასავლელი დიპლომატების მიმართ კრიტიკული რიტორიკა სულ უფრო მყარდება და დაპირისპირება მწვავე სახეს იღებს. როგორ შეაფასებთ ამ რიტორიკას საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიული ურთიერთობების ჭრილში?

- სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ისინი სრული იზოლაციისკენ სწრაფად მიიწევენ. მათ დასავლეთში არცერთ ჩვენს პარტნიორთან შეხებაც კი აღარ აქვთ. ისინი  მკაცრ კრიტიკას იღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. თუმცა, ეს კრიტიკა სრულიად ლოგიკური პასუხია იმ ქმედებებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ. შესაბამისად, აქ არაფერი არანორმალური არ ხდება, ვინაიდან ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ძალიან სწორ შეფასებას აძლევენ. ისინი კონკრეტულად აღიქვამენ ამ რეპრესიული რეჟიმის ქმედებებს, გამოხატავენ უკმაყოფილებას და დარწმუნებული ვარ, სანქციებისთვისაც ემზადებიან. შესაბამისად, ველოდები უფრო ხმამაღალ კრიტიკას, რასაც კონკრეტული ქმედებები მოჰყვება.

ცხადია, ეს "ოცნების“ წარმომადგენლებს არ მოსწონთ. შექმნილი მდგომარეობის გადაბრალება ქვეყნების ელჩებსა და წარმომადგენლებზე სურთ. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული ანტიდასავლური პროპაგანდა. ისინი ცდილობენ ელჩი და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაყონ. ჩვენ ვნახეთ გერმანიის ელჩზე თავდასხმის დროს, როგორ ცდილობდნენ მისთვის პიროვნული შეურაცხყოფა მიეყენებინათ და წარმოეჩინათ, თითქოს ის არ არის გერმანიის წარმომადგენელი. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და მოტყუება. ნებისმიერი ელჩი საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელია. არაფერი, რასაც ეს ადამიანები საქართველოში ახორციელებენ, შეუთანხმებელი არ არის საკუთარ ქვეყანასა და ხელისუფლებასთან.

- პარლამენტის წევრები, მათ შორის ირაკლი ზარქუა, ღიად აკრიტიკებენ ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთისა და განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთის ელჩებს, მათ „რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობაში“ ადანაშაულებენ და საუბრობენ გაძევების შესაძლებლობაზეც. არსებობს ელჩების გაძევების საფუძველი და ვენის კონვენციის დარღვევის ფაქტები?

- ელჩები არანაირად არ არღვევენ ვენის კონვენციას. პირიქით, ისინი ვალდებულებიც კი არიან შეხვდნენ არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის წევრებს. პოლიტიკურ სპექტრთან მუდმივი დიალოგის ქონა სწორედ ელჩის მოვალეობაა. ის განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ, რეალობას არის მოწყვეტილი. ვენის კონვენციის ციტირებას ამ ბოლო დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოუხშირეს. 

მე მინდა მათ შევახსენო, რომ ვენის კონვენციის ამოსავალი წერტილი ნაცვალგების პრინციპია. თუ ასეთ სისულელეს მოიფიქრებენ, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი გაიწვიოს მისმა ქვეყანამ, ან თავად გააძევებენ, ისინი სარკისებურად იმავე ქვეყნისგან პასუხს მიიღებენ. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ზუსტად ეს იყოს მათი მიზანი. სწორედ ეს უნდოდათ მათ, რომ საერთოდ ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობები გაწყვიტონ. განსაკუთრებით გერმანიის ელჩს ერჩიან, არადა გერმანიის როლი საქართველოს ისტორიაში ვიცით, როგორიც არის და რამხელა ამაგი აქვს ამ ქვეყანას საქართველოს განვითარებაზე. შესაბამისად, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხელისუფლება ამ შედეგს ცდილობს, რათა ევროპასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტონ. როცა ერთი ქვეყანა აგდებს გაუგებარი მიზეზის გამო მეორე ქვეყნის დიპლომატს, იმავეს გაკეთების უფლება ამავე ქვეყანას აქვს. ამიტომ ვენის კონვენციის ნაცვალგების პრინციპით პასუხი იქნება იგივე, რასაც ეს ხელისუფლება ჩაიდენს. როგორც მოექცევი ჩემს დიპლომატს, ისევე მოვექცევით ჩვენც თქვენს დიპლომატს.

- დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში საქართველოს რწმუნებულის დაბარება უკვე მოხდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სარკისებური რეაქცია უკვე მიიღო ხელისუფლებამ მათგან? რა სიმძლავრის დიპლომატიური სიგნალია ეს ლონდონის მხრიდან და შეიძლება თუ არა ამას მოჰყვეს უფრო მკაცრი პასუხი, მათ შორის სანქციების განხილვაც?

- სპეკულაციები რომ არ გამოგვივიდეს, ვიხელმძღვანელოთ იმით, რაც ვიცით და რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა გახმაურებული. ძალიან კონკრეტულად მოხდა მითითება იმ ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში დიდი ბრიტანეთის ელჩის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. 

ეს არ ეხებოდა მარტო ელჩს, ეს ეხებოდა კონკრეტულად ხელისუფლების საქციელს და ბოლო დროს ქვეყანაში დაწყებულ რეპრესიებს. დიდმა ბრიტანეთმა ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნა "ოცნებას“, რომ ისინი ამას არ შეეგუებიან. საქართველოს რწმუნებულის დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაბარება და დემარშის გამოცხადება, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც შესაძლოა, კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები მოჰყვეს. "ოცნების" წარმომადგენლები სრული იზოლაციის რეჟიმში არიან გადასულები, ისინი კი ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოს მათთვის ეს არაფერს წარმოადგენს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. რასაკვირველია, მსგავსი განცხადებები ჩვენი პარტნიორებისგან მათ ანაღვლებთ და აღელვებთ. ამიტომ ბოლო ორი დღის მანძილზე ტონი შედარებით შეცვლილი და უფრო დაწეული აქვთ. კარგია, რომ ჩვენი პარტნიორები გააქტიურდნენ, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ უფრო მეტ და კონკრეტულ განცხადებებს უნდა ველოდოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

- რამდენად რეალისტურია, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გამოყენება განიხილოს და რას შეიძლება შეეხოს ეს კონკრეტულად? ხშირად საუბრობს ოპოზიცია იმაზე, რომ კონკრეტულად ივანიშვილისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები უფრო მძიმეა. ხომ არ გამოიწვევს ეს ასევე ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებას?

- რასაკვირველია, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები ყველაზე მტკივნეული იქნება. ეს ძალიან არასასურველია ივანიშვილისთვის, რადგან მას ბრიტანეთში გარკვეული კაპიტალი აქვს. ამიტომ ამ სანქციების უფრო მეტად ეშინიათ და ბევრად მტკივნეული იქნება სხვებისგან განსხვავებით, ეს ფაქტია. თუმცა, არ ველი, რომ თავად „ოცნების“ შიგნით ამის გამო დიდი დაპირისპირება მოხდება და რაიმე რღვევა დაიწყოს, რადგან ერთი კაცი მართავს პარტიასაც და ქვეყანასაც. შესაბამისად, აქ რაიმე სხვა მოლოდინი პარტიის წევრებისა და ხელისუფლების პოლიტიკური ელიტის მხრიდან არა მაქვს.

- როგორ უნდა მართოს ამის შემდეგ საქართველომ ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან? ხელისუფლებას აქვს ასეთი პოზიცია, რომ თუ ჩვენ დასავლეთი გვჭირდება, მათაც ვჭირდებით. ამიტომ მათი პოზიციით, ქვეყნის ინტერესების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია და დასავლეთმა როგორც თანატოლი პარტნიორი საქართველო ისე უნდა განიხილოს.

- ხაზის გავლება და ტოლობის დასმა იმაზე, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისევე სჭირდება ევროპას ჩვენი ქვეყანა, ეს ძალიან დიდი აბსურდია. საქართველოსთვის დასავლეთთან ურთიერთობა ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია. ეს არის საქართველოს სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი და ეს წლებმა კარგად აჩვენა. ევროკავშირი და დასავლეთი ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და განვითარების წინაპირობაა. ხოლო ისინი საქართველოს გარეშეც იპოვიან გზებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის. კაია კალასი სომხეთში იმყოფებოდა ვიზიტით ისე, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც კი არ გამოუთქვამს. ამიტომ ეს არის მორგი აბსურდი და პროპაგანდისტული ნარატივი, რომ თითქოს ტოლობის ნიშნის გავლება შეგვიძლია ჩვენსა და დასავლეთს შორის საჭიროებების მხრივ. 

ელზა პაპოშვილი 

Advertisement