Logo

გიორგი ანთაძე - ახლა არის შანსი, რომ ოპოზიციურ ველზე კარგი პროცესები დაიწყოს, თუ რეპრესიები არ გაგრძელდება 

ინტერვიუ
558
Frontnews image description

4 ოქტომბრის მოვლენებმა და შემდგომმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა ქართული ოპოზიციური სპექტრის ღრმა სტრუქტურული პრობლემები. "ჯეოქეისის" თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების მკვლევარი გიორგი ანთაძე Front News-სთან ინტერვიუში აფასებს განვითარებულ კრიზისს, სადაც აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ექსცესების შესაძლო გამოყენება ხელისუფლებამ წარმატებით მოახდინა საკუთარი კაპიტალიზაციის და პროტესტის განეიტრალებისთვის. მისი თქმით, ოპოზიციას დაკარგული აქვს ბმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან, ხოლო შიდა დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესები ეწირება. ანთაძე, ამავე დროს, კრიზისს ოპტიმისტურად უყურებს, როგორც პოლიტიკური პროცესის გადატვირთვის და ახალი ძალების გაჩენის შანსს, თუმცა აქვე დასძენს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან რეპრესიების გაგრძელება ახალი აქტორების გამოჩენას ხელს შეუშლის.

- როგორ აფასებთ 4 ოქტომბრის მოვლენებს და მას შემდეგ ოპოზიციაში გაგრძელებულ დაპირისპირებას. როგორ უნდა გამოვიდეს ახლა ოპოზიციური ველი ამ კრიზისიდან და რა უნდა გააანალიზონ პირველ რიგში?

- როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს და არა როგორც დარგის ექსპერტს, მკვლევარს, იმთავითვე მქონდა მოლოდინი, რომ თუ რაიმე ძალადობრივი ექსცესი იქნებოდა, ამას ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებდა და ოპოზიციის დისკრედიტაციას მოახერხებდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ პროტესტის ორგანიზება და მისი ორგანიზების ჯგუფის გარკვეულ წილად საკმაოდ ბუნდოვანი მოწოდებები. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალადობრივ მოწოდებებს რუსთაველზე მყოფი 90% მოქალაქისა არც აჰყოლია და ათონელზე მხოლოდ მცირე რაოდენობა წავიდა. საერთო ჯამში, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პროტესტი მართული თუ არ იყო, საერთო ჯამში, ხელისუფლებას ამაზე ინფორმაცია ჰქონდა. ამიტომ ახლაც ცდილობს და მომავალშიც ხელისუფლება შეეცდება, რომ თავისი კაპიტალიზაცია აქტიურად მოახდინოს, ეს დაუკავშიროს ამ 315-დღიან პროტესტს და ამ ძალადობის ფონზე შეეცადოს საპროტესტო აქცია რამენაირად გაანეიტრალოს. ხელისუფლებას ახლა უპირატესობის განცდა აქვს და ეცდება, რომ აქედან უფრო მეტი მოგება მიიღოს.

რაც შეეხება უშუალოდ ოპოზიციას, იმაში ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ ძალიან სერიოზული სტრუქტურული პრობლემები აქვთ. აბსოლუტურად დაკარგული აქვთ ბმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან, მით უმეტეს საპროტესტოსთან. არჩევნების პერიოდშიც ვნახეთ ეს შედეგები. ეს დაპირისპირება, რომელსაც ამ ერთი წლის მანძილზე ოპოზიციაში ვადევნებთ თვალს და ახლა მით უმეტეს უფრო გამწვავდა, სწორედ ოპოზიციის დაბალ პოლიტიკურ კულტურას აჩვენებს. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის ინტერესები, ასევე საპროტესტო განწყობები, პოლიტიკური პროცესი ეწირება ქვეყანაში. ამით კი ხელისუფლება ხეირობს და საკუთარ მიზნებს ყველაზე მეტად აღწევს. 4 ოქტომბრის შედეგი შესაძლოა, ის იყოს, რომ საზოგადოების განწყობებმა ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესის გადატვირთვას და გაჯანსაღებას, ახალი ძალების გამოჩენას ხელი შეუწყოს. ჩემთვისაც უკვე მთელი პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციის დასრულებული და უინტერესოა.

- აქამდეც და ახლა მით უმეტეს, 4 ოქტომბრის შემდეგ, სულ მიდის იმაზე საუბარი და კითხვებიც ისმება, ამ ერთწლიანი პროტესტის ფონზე, რატომ ვერ ჩამოყალიბდა თუნდაც ახალგაზრდების, რომლებიც ქუჩაში დგანან, ახალი პოლიტიკური პარტია ან ძალა, რომელიც სრულად უპასუხებდა თუნდაც საპროტესტო განწყობის მქონე მოსახლეობის მოთხოვნებს. ფიქრობთ, რომ ამას ხელს თავად ოპოზიციაში არსებული ძალები უშლიან და სწორედ ამ მიზეზით არ ხდება ახალი სახეების პოლიტიკაში გამოჩენა?

- დიახ, მეტ წილად სწორედ ეს არის მიზეზი. ჩვენი პოლიტიკური სისტემა ბოლო 30 წელია ერთი და იგივეა თავისი შინაარსით. თავად ოპოზიციურ პარტიებში დემოკრატიული პროცესი თითზე ჩამოსათვლელია. განსაკუთრებით აქამდე დამკვიდრებულ პარტიებზე მაქვს საუბარი. წლებია, უკვე ქართულ პოლიტიკაში არიან და ეს პარტიები კვლავ ლიდერის კულტის ქვეშ არიან გაერთიანებულები. შიგნითვე დემოკრატიული პროცესი უჭირთ, რამაც პოლიტიკური ველი უნდა გააჯანსაღოს,  ახალი სახეები,  სისხლი და  ხედვა წარმოშვას.  როდესაც შიგნით არა გაქვს დემოკრატიული პროცესი, რაღაცა გამჭვირვალე პროცესი, ვერც პარტიათა შორის ურთიერთობა ვერ იქნება დემოკრატიული სულისკვეთების მატარებელი. ეს ათწლეულებია გრძელდება. ამიტომ ძალიან ძნელია ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში რაიმე გარდამტეხი ძალების პოვნა.

ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ახლა არის შანსი, რომ ეს რაღაცნაირად შეიცვალოს. მართალია, პოლიტიკოსების უმეტესობა დაკავებულია, მაგრამ გარეთაც რომ ყოფილიყვნენ, სამწუხაროდ, მაინც არ მგონია, რომ თვისებრივად რამე შეცვლილიყო. ამიტომ ყველას გვმართებს სერიოზული დაფიქრება იმაზე, რომ რა აძლიერებს ოპოზიციური თვალსაზრისით მმართველ პარტიას? აქეთა მხარიდან სერიოზული ალტერნატივის ვერ შეთავაზების გამო ხომ არ არის საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი და დაპირისპირება. ამიტომ ამ პროცესს ერთი მხრივ ოპტიმისტურადაც ვუყურებ, რადგან მიმაჩნია, რომ რაღაცა ოპოზიციურ ველზე კარგი პროცესების დასაწყისიც კი იყოს. თუმცა, ხელისუფლება თუკი ასეთ რეპრესიებს გააგრძელებს, ძალიან რთული იქნება ახალი აქტორების გაჩენა.

- ხელისუფლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ახლა 4 ოქტომბრის მოვლენების პოლიტიკურად გამოყენებას ცდილობს. პრემიერმა მოუწოდა, როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა ორგანიზაციებს და ამერიკასაც, რომ 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის დაგმობა მოხდეს და არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება. ჯერჯერობით დასავლეთიდან დუმილი გრძელდება და რაიმე მკვეთრი განცხადებები არ მოგვისმენია. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ პირადად, რამდენად შეძლებს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას?

- შიგნით ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გააგრძელებს რუსთაველის მოსუფთავებას, რადგან უკვე დიდი ხანია, მას ყოველდღიური პროტესტი ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. რაც შეეხება გარეთ მუშაობას, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ სანამ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელია, ევროკავშირი ვერ შეცვლის ფუნდამენტურად დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, მე არ ველი ახლო მომავალში რაიმე შეიცვლება. თუმცა, გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა რაღაცა გარემო შექმნას, სადაც გარკვეული ურთიერთობები აღდგება, თუმცა უახლოეს მომავალში სერიოზულ გადატვირთვას არ ველი. მე ვფიქრობ, რომ უვიზო რეჟიმი მთელს სახელისუფლებო ისტებლიშმენტს გარკვეული ვადით შეუჩერდება და მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ხელისუფლებას მოლოდინი ამერიკასთან გადატვირთვისაც აქვს. თუმცა საქართველოში ამერიკის საელჩომა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩს თამარ ტალიაშვილს საყვედური გამოუცხადეს. საქართველოს ხელისუფლებამ კი ამას ცრუ ინფორმაცია უწოდა. როდის უნდა ველოდოთ აშშ-სგან საქართველოსთან დაკავშირებით უფრო მკვეთრ განცხადებებს?

- ამერიკასთან დაკავშირებით, თავად შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. თუმცა მთავარი ის არის, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკასთან ფორმალურად შეჩერებულია. ის, რომ ამდენი ხანია, საქართველოსთან მიმართებაში მკაფიო პოლიტიკა არ გაჟღერებულა, ეს მთელ რიგ პროცესებთან არის დაკავშირებული. მათ შორის საქართველოს საკითხი რეგიონალურ პროცესებთან, უკრაინის ომთან, შავი ზღვის უსაფრთხოებასთან და კავშირშია, ამიტომ ჩვენი შიდა პოლიტიკიდან გამომდინარეც. ამერიკა რაღაცა ხედვების ჩამოყალიბებამდე შუალედურ პოზიციას ინარჩუნებს. თუმცა, მგონია, რომ ისინი ვენსის განცხადების ფარგლებში დარჩებიან, როცა მან თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია ფუნდამენტური ღირებულებებია და მე მგონია, დაახლოებით ამ ხაზს სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს. ამერიკა დღეს ყველაზე მეტად რეალისტურ და რეალიზმზე დაფუძნებულ ურთიერთობებს აგებს გარე სამყაროსთან. თუმცა, საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ლმობიერი განცხადებები გაკეთდეს, ვფიქრობ წლის ბოლომდე უფრო მეტი სიცხადე არ იქნება.

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement