Logo

გიორგი ანთაძე - ზელენსკის თანხმობა არჩევნებზე ნიშნავს, რომ შესაძლოა, ის იმაზე დიდი ზეწოლის ქვეშ იყოს, ვიდრე გარედან ჩანს

ინტერვიუ
52
Frontnews image description

უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა შეთანხმება კვლავ ფერხდება ორ უმთავრეს – ტერიტორიული დათმობების და უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე. დასავლელი ოპტიმისტების (მაგალითად, კიტ კელოგის) განცხადება, რომ მოგვარების მცდელობები "ბოლო 10 მეტრშია“, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტთან გიორგი ანთაძესთან საუბრის მთავარი თემა გახდა. Front News-თან ინტერვიუში ანთაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი სახის ტერიტორიული დათმობა, განსაკუთრებით კი გამაგრებული დონბასის გადაცემა, კატეგორიულად გამორიცხულია სანდო და „ხელჩასაჭიდი“ საერთაშორისო გარანტიების გარეშე, რაც აღმოსავლეთ უკრაინის დაუცველობის საფრთხეს აარიდებს.

- უკრაინის ომში სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა შეთანხმება ფერხდება ტერიტორიული დათმობების და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე. როგორ შეაფასებთ დასავლელი ოპტიმისტების (მაგ., კიტ კელოგის) განცხადებას, რომ მოგვარების მცდელობები „ბოლო 10 მეტრშია“? არის თუ არა რეალისტური, რომ უკრაინა დათანხმდეს დონბასიდან გასვლას შესაბამისი, „ხელჩასაჭიდი“ საერთაშორისო გარანტიების გარეშე?

- უსაფრთხოების გარანტიების მიცემის გარეშე, გამორიცხულია, რომ უკრაინელები რაიმეს დათანხმდნენ. ახლა ყველაზე პრობლემური საკითხი, რომელზეც მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, დონბასია. რუსეთი ითხოვს გამაგრებული დონბასის გადაცემას, რაზეც უკრაინა კატეგორიულ უარზეა, რადგან ეს პოტენციურად აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების დათმობის ტოლფასია. თუ აგრესია განმეორდა, ფაქტობრივად, აღმოსავლეთ უკრაინა დაუცველი რჩება ამ გამაგრებული ტერიტორიის გადაცემის შემთხვევაში. შესაბამისად, ისე უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნები და გარანტიები, რომ უკრაინას მაღალი დაცულობის შეგრძნება ჰქონდეს. სხვაგვარად, მე გამიჭირდება საუბარი იმაზე, რომ საშობაოდ ტრამპი უკრაინელებისგან რაიმე პასუხს მიიღებს.

- თუმცა მოლაპარაკების მთავარი თემა ასევე უკრაინის არჩევნებია. ჩვენ მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც ღიად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის გამო და გაორმაგებულ ზეწოლას ახორციელებს კიევზე. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არსებული ზეწოლის ფონზე, უკრაინამ ვაშინგტონს სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსიაც კი გადასცა შესწორებებით. ინტერვიუში, რომელიც ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ გამართა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო ნამდვილად დადგა. მას ზელენსკიმ კი უპასუხა, რომ ამისთვის ყოველთვის მზადაა. რატომ გახდა არჩევნების საკითხი მოლაპარაკებების პარალელურად აქტუალური და არის თუ არა ზელენსკის „დიახ“ ზეწოლის შედეგი?

- დიახ, ზელენსკის მხრიდან დათანხმება საკმაოდ საეჭვოა და ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ მასზე შესაძლოა, აშშ-დან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. კორუფციის საკითხის ახლა გამოჩენას დროში სწორედ ამ ზეწოლის ბერკეტად განვიხილავ. წარმოუდგენელია, ომში მყოფმა ქვეყანამ არჩევნები ჩაატაროს. მსგავსი რამ მსოფლიოში ჯერ არ მომხდარა და ამის პრეცედენტი არ არსებობს. ზელენსკის მხრიდან არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, ის იმაზე დიდი ზეწოლის ქვეშ იყოს, ვიდრე ეს გარედან ჩანს. რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ის არის, რომ მას კორუფციის საკითხს უდებენ წინ და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რის გამოც ის იძულებულია, ალბათ, არჩევნების ჩატარებას დათანხმდეს. შეიძლება არჩევნებზე წავიდეს, თუკი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვისაც მისაღები იქნება. სხვაგვარად ძალიან მიჭირს იმის თქმა, რომ ზელენსკი ამას ბოლომდე დათანხმდება.

- დასავლური წყაროების ცნობით, ზელენსკის ყველაზე ხშირად დასახელებულ პოტენციურ ალტერნატივებს შორის არიან: ვალერი ზალუჟნი (უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი), რუსტემ უმეროვი (თავდაცვის ყოფილი მინისტრი) და ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი, რომელიც ღიად აცხადებს საპრეზიდენტო ამბიციებზე და მკაცრად აკრიტიკებს ზელენსკის. ფიქრობთ, რომ ეს სამივე კანდიდატურა აშშ-სთვის და რუსეთისთვის მისაღები და განხილვადია?

- დიახ, მე მგონია, რომ არჩევნების საკითხს მოსკოვიც მხარს უჭერს და ზელენსკის თავიდან მოშორება მათ ყველაზე მეტად უნდათ. დიახ, საინფორმაციო ველზე რამდენიმე კანდიდატი უკვე გამოკვეთილია. ესენი არიან როგორც ზელენსკის გარემოცვიდან, ასევე ოპოზიციური ფლანგიდან. ყველაზე მეტად ვისზეც მიდის საუბარი და როგორც აღნიშნეთ, ეს არის სამი ადამიანი: ყოფილი გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ზალუჟნი, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთშია; არესტოვიჩი, რომელიც ზელენსკის მრჩეველი იყო; და ასევე საუბარი მიდის უმეროვზეც, რომელიც ახლა მოლაპარაკების პროცესში აქტიურად არის ჩართული. თან მნიშვნელოვანია, ეს მოლაპარაკება რა შინაარსს შეიცავს. ბუნებრივია, აქ განტევების ვაცი ისევ ზელენსკი იქნება, ანუ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თუ რამე ისე არ წავიდა, ბოლოს ხელი ისევ ზელენსკის შეეწმინდება.

- აუცილებლად მინდა შევეხოთ დონალდ ტრამპის დაპირისპირებას, როგორც თავად ამბობს, ევროკავშირის „ბიუროკრატიასთან“. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ევროპას „პოლიტიკური ომი გამოუცხადა“, რადგან მხარს უჭერს „პატრიოტული, სუვერენული ერებისგან“ შემდგარ ევროპას და კრიტიკულად აფასებს ბრიუსელის „პოლიტიკურ კორექტულობას“. როგორ ხედავთ ამ დაპირისპირების გრძელვადიან გავლენას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე?

- ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპასთან ურთიერთობის ჭრილში წინა ფლანგზე გადმოდის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპულ პარტნიორებთან გააჩნია. ადრე თუკი ამერიკის წინა ადმინისტრაციის პირობებში ევროკავშირი განიხილებოდა მთავარ სუბიექტად, ახლა უფრო ეს ფრაგმენტირებული იქნება, მანამ სანამ ტრამპის ადმინისტრაცია იქნება ხელისუფლებაში. ვნახეთ ტრამპის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ თუკი კონკრეტულ მიდგომებს არ შეცვლის, თუნდაც მიგრაციასთან დაკავშირებით, სერიოზულად გაუჩნდება იდენტობის პრობლემები. აქ მინიშნებაა იმაზე, რომ იმიგრაციის პრობლემა გადაგვარებას უქადის. ამიტომ ტრამპისთვის უფრო ახლობელი ევროპაში ის მემარჯვენე ძალები ჩნდება, რომელთა ხედვებიც ტრამპის ხედვებთან უფრო თანხვედრაში იქნება.

- რამდენად რეალურია, რომ აშშ-ის მხარდაჭერამ ევროპაში კონსერვატორული/მემარჯვენე ოპოზიციური ძალების აღმასვლა დააჩქაროს?

- დიახ, ასეთი რამ მოსალოდნელია და ეს არა მხოლოდ ტრამპის მხარდაჭერის შედეგად მოხდება. ევროპაში რიგი პრობლემებიდან გამომდინარე, მემარჯვენე ძალების რეიტინგის ზრდა მოსალოდნელია. თუმცა წამყვან ევროპულ ქვეყნებში ეს ძალიან სერიოზულ სახეს ვერ მიიღებს, რადგან ამ ქვეყნებში დემოკრატიული პროცესები მტკიცეა, ხალხის განწყობები ნაკლებად მანიპულირებადია. თუმცა პოპულისტური და მემარჯვენე ძალების არჩევა ეს მსოფლიოში უკვე ძალიან მზარდი გახდა.

- საქართველოს ხელისუფლებისა და დიდი ბრიტანეთის დაპირისპირება დიპლომატიურ კრიზისამდეც კი მივიდა. საქართველოს ხელისუფლება ბრიტანეთის ელჩის მოქმედებებსა და BBC-ის სიუჟეტს „ჰიბრიდულ ოპერაციად“ და „სუვერენულ ქვეყანაში ჩარევად“ აფასებს. რა ძირითად გეოპოლიტიკურ/შიდაპოლიტიკურ მიზეზებს ხედავთ ამ დაპირისპირების ასეთ კრიტიკულ ზღვრამდე გამწვავებაში?

- ეს ბუნებრივად იმ კონფრონტაციული ხაზის გაგრძელებაა, რაც ბოლო 2 წელია, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან მიმართებაში ახასიათებს. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ყველასთან ისეთ კონფრონტაციულ რეჟიმში იმყოფებიან, რომ ყველასთან რაღაც დიპლომატიურ კრიზისში არიან. როგორც ჩანს, ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან რაღაც მოლოდინები აქვთ და ურთიერთობის გადატვირთვა მოხდეს. რაც არ არის გამორიცხული და მსგავსი რამ შესაძლოა, მოხდეს. რაც შეეხება ცენტრალურ ქვეყნებს, ბუნებრივია, სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ევროკავშირთან გამორიცხულია, რაიმე დიალოგის რეჟიმში ურთიერთობის დაბრუნებას ველოდოთ. ავტორიტარიზმის იმ ნაბიჯების განმტკიცების გამო, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, ევროპასთან ურთიერთობები ისევ ასეთ დაძაბულ რეჟიმში შენარჩუნდება.

- თბილისი მტკიცე უარით პასუხობს მოსკოვის მიერ ინიციირებულ გეგმას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდთან ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობას და ტვირთების ტრანზიტის ამოქმედებას გულისხმობს. საქართველოს ხელისუფლებამ კრემლს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა: რუსეთისკენ მიმავალ ტვირთებს, რომელმაც აფხაზეთი უნდა გაიაროს, საქართველო არ გაატარებს და ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღიარებაზე საუბარიც კი გამორიცხულია. რა სახის გზავნილია „ოცნების“ მხრიდან, როცა ოპოზიცია მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ ის პრორუსული ხელისუფლებაა?

- მე არ მიმაჩნია, რომ „ოცნებას“ კრემლთან რაიმე სახით ურთიერთობა დაეძაბა. ეს ისევ იმ რეჟიმის კომუნიკაციაა, რაც ამ წლების განმავლობაში გრძელდება. აფხაზეთის საკითხი, როგორც პოლიტიკური, ისევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან სენსიტიური და პრობლემურია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობის განწყობიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მათ გაბედონ და ასეთი ნაბიჯი გადადგან, რომ ღიად ისაუბრონ რაიმე ურთიერთობის აღდგენაზე რუსეთთან. ამას ჩვენს საზოგადოებაში იციან, უმძიმესი რეაქცია მოჰყვება, ხვდებიან, რომ ჯერ, ალბათ, მათი აზრით, საზოგადოება საინფორმაციო თვალსაზრისით ამისთვის შემზადებული არ არის. ამიტომ უბრალოდ „ოცნება“ ამ ეტაპზე არ აპირებს ამ რისკზე წასვლას. რაც შეეხება ზოგადად რუსეთის ფაქტორს, მე ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ უკრაინაში ომის დასრულებას, ასევე ამერიკის პოლიტიკის მკვეთრ ჩამოყალიბებას საქართველოსთან დაკავშირებით. მხოლოდ ამ ჭრილშია შესაძლებელი შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბარი. არაა გამორიცხული, „ოცნებაც“ ამ მოვლენების განვითარებას ელოდებოდეს.

ელზა პაპოშვილი  

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები