Logo

გიორგი ბაჩიაშვილი - ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას, ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები

პოლიტიკასამართალი
306
Frontnews image description

11 ივლისს, საღამოს 7 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი, შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი წერს.

მისი თქმით, უცნობი პირი შუშის ნამსხვრევით ყელისა და სახის არეში მის დაჭრას ცდილობდა.

"2025 წლის 8 ივლისს, 21:00 საათზე დამიბარა მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტის ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა. აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში, როდესაც ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან პასუხი მივიღე -  "გიორგი, არ ხარ შენ იმ ვითარებაში, რომ პირობები დააყენო, ხომ იცი, ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის - გიჟიც და ნაკლებად გიჟიც". საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე მუქარად არ აღმიქვამს.

11 ივლისს, საღამოს 7 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი, სადაც მარტო ვიყავი ბოლო ერთი კვირა ვიდეომეთვალყურის ქვეშ. საკანში განთავსებულია ორი ვიდეოკამერა, ვიცოდი, რომ ვიდეოთვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან. შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება მაღალი, სპორტული აღნაგობის. ეცვა თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი. ჩემთვის არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა. მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა. მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული. აღნიშნულის შემდეგ მან გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მე-5 ბლოკის დღის უფროსმა არჩილმა კარი შემოაღო, რა დროსაც ჩხუბი შეჩერდა, თუმცა აღნიშნულმა პიროვნებამ არჩილს უთხრა, რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც ჩემდა გასაკვირად, მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. შემდეგ ისევ გაგრძელდა ჩხუბი. საკანში იყო შუშის ჩაის ჭიქა, მე არ მეკუთვნოდა, საკანში დამხვდა, სავარაუდოდ, სხვა პატიმრის, რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავეცი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ მცემდა და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელისა და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში. რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი, ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ არჩილმა შემოაღო კარი და ამ პირს სთხოვა, გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი ციხის უფროსთან შეხვედრას, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან. ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება მსჯავრდებული იყო. სახელი და გვარი არ უთქვამს და მისი განკარგულებით შემოუშვეს შესახლების მიზნით და არ იცოდა, თუ იჩხუბებდა. თუმცა ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო, რომ ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო. ქირურგმა დამიმუშავა ჭრილობები და იარები, რა დროსაც კიდევ დავკარგე გონება.

შემდეგ ვითხოვდი კლინიკა "ვივამედში" გადაყვანას, რადგან დამეწყო ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სინათლეზე გაღიზიანება, ყურებში შუილი. მათ გამოიძახეს სასწრაფო და "ვივამედში" გადამიყვანეს დაახლოებით 21:00 საათზე.

სასწრაფოსაც ვთხოვდი დარეკვის უფლებას, ასევე "ვივამედში" დაჟინებით ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. "ვივამედის" ექიმმა ვისი სახელიც არ ვიცი (ქერა მოკლე თმით ქალი, დაახლოებით 60  წლის, გამხდარი) მითხრა, რომ თუ დარეკვის გარეშე უარს ვაცხადებდი პროცედურების ჩატარებაზე, უკან გამაბრუნებდნენ ციხეში.
"ვივამედში“ ჩამიტარდა კვლევები (თავის კატე, სისხლის ანალიზი, თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, მქონდა მრავლობითი კოპები, მარჯვენა მაჯაზე 1 ნაკერი, ნაკბენი მარცხენა ხელის მკლავზე (დამიმუშავეს), ქვედა ტუჩი შიდა მხრიდან იყო გახეთქილი, თუმცა არ გამიკერეს (ასევე აღმენიშნებოდა მარჯვენა სახის არეში, თვალის და ლოყის არე საგრძნობლად დაშუპება, მარჯვენა ქვედა ყბის მეექვსე კბილი კი მომტყდა) ასევე, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღეთები ყელის არეში, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში. 

მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა.  მოვითხოვე სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს. ვერ ვდგებოდი საწოლიდან, მთელი ხმით ვყვიროდი და ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას. 

საბადრაგო სამსახურის წევრებს ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩამსვეს საბადრაგო მანქანაში, დამაბრუნეს მე-8  დაწესებულებაში, სხვა საკანში.

ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეო მეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად ჩემს სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. შაბათს საღამოს შემხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ყველაფერი მოვუყევი დეტალურად, ვითხოვ, სახალხო დამცველის აპარატისგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას. 

ეს არის ციხის ადმინისტრაციის და კრიმინალების კოორდინირებული მოქმედების შედეგი, შესაბამისად, წარმოადგენენ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას. 

ვაცხადებ, რომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ", - აღნიშნულია გიორგი ბაჩიაშვილის წერილში.

Advertisement